„ვინც აცრის ანტიპროპაგანდას ეწევა, ეს იგივეა, ჯარისკაცს ომში წასვლა უიარაღოდ მოსთხოვოთ“ – პაატა ჟორჟოლიანი   

„ჩვენი გადარჩენის გზა არის ერთადერთი – ეს არის ვაქცინაცია“ –  განაცხადა   ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ჟორჟოლიანმა მედიაცენტრ მთავართან“.

მისი შეფასებით, არავის აქვს უფლება აცრის საწინააღმდეგო პროპაგანდა გასწიოს, რადგანაც ყოველდღიურად, თითქმის 50 ადამიანი იღუპება. მათ შორის კი ფეხმძიმეებიც არიან.

„მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და ლეტალობა დაბალია, ყველა ორსულს და მომავალ მშობიარეს მოვუწოდებ, რომ აიცრან. ასევე, ყველა ჩემს კოლეგას მივმართავ, რაც შეიძლება მაქსიმალურად გაუწიონ პროპაგანდა იმას, რომ ორსულები ვაქცინირებულები იყვნენ. ჩვენი გადარჩენის გზა არის ერთადერთი – ეს არის ვაქცინაცია“ – განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავართან“.

როგორც მან აღნიშნა „ბუსტერ“ დოზა ყველაზე კარგად იცავს ორსულებს ვირუსის შემდგომი გართულებებისაგან.

„ორჯერადი აცრა კარგია, მაგრამ დამატებითი დოზის შეყვანა „ფაიზერით“ კიდევ ზრდის იმის ალბათობას, რომ დაინფიცირების შემთხვევაში ,პროცესი უფრო მსუბუქ ფორმებში განვითარდეს“-განაცხადა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავართან“.

კითხვაზე იწვევს თუ არა ვაქცინა რაიმე გართულებას ორსულებში ან ჩვილებში, მან ასე უპასუხა:

ვაქცინირებულ დედებში ანტისხეულები ნაყოფს დაბადებისთანავე შეიძლება ჰქონდეს. ეს აძლიერებს ნაყოფისა და დედის წინააღმდეგობის გაწევის უნარს. თუ ვინმე საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევა, ვფიქრობ, ეს დანაშაულია. ომს რომ შევადაროთ, ეს იმას ნიშნავს ჯარისკაცს ვუთხრათ, იარაღის გარეშე იბრძოლოს“- აღნიშნა პაატა ჟორჟოლიანმა მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები