“ამგვარი ქმედებებით “ქართული ოცნება” ხელს ვერ შეგვიშლის” – დავით კირკიტაძეს პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან დაპირისპირებული მხარეების, მათ შორის პარლამენტარი დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 ოქტომბერს, ქ. რუსთავში, პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა ვ.ბ. და პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ განხორციელებულ პოლიტიკას აპროტესტებდა. ასევე აპროტესტებდა დავით კირკიტაძის მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ამის საპირისპიროდ დავით კირკიტაძე და მისი თანამოაზრეები შეკრებილებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დავით კირკიტაძის თქმით, მისთვის ბრალის წაყენებით ხელს ვერ შეუშლიან მათი გეგმის განხორციელებას რუსთავში და მთელ ქვეყანაში.

“დღეს, 15:30 საათზე უნდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ბრალი წამიყენონ, მაგრამ ამით “ქართული ოცნება” ხელს ვერ შეუშლის ჩვენი გეგმის განხორციელებას რუსთავში და მთელ ქვეყანაში. რუსთაველებიც აუცილებლად მიიღებენ საკუთრებაში იმას, რაც მათ ეკუთნით, საქართველო აუცილებლად დააღწევს თავს იმ გაჭირვებას, რაშიც შეგნებულად ჩააგდო ხელისუფლებამ, ქართველი ხალხი აუცილებლად დაიბრუნებს ღირსებას”, – წერს კირკიტაძე.

მსგავსი თემები