„ახალი წელი რაც დაიწყო სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი, ძვლები სულ მტკივა“ – შვილის მკვლელობისთვის ბრალდებული

გორში შვილის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული 82 წლის კაცის, კარლო მეგრელიშვილის  სასამართლო პროცესი გაიმართა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა და განუმარტა, რომ შვილის მხრიდან სისტემატიური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო.

„ახალი წელი რაც დაიწყო სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი, ძვლები სულ მტკივა, ძირს რომ ვეგდე, ჩემზე დახტებოდა და ხტუნაობდა“- განუცხადა მოსამართლეს ბრალდებულმა.

მისი თქმით,  დანაშაულის ჩადენის დღესაც შვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც აფექტურ მდგომარეობაში  მყოფმა დაჭრა შვილი.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 30 იანვარს საღამოს საათებში გორში  მოხდა.  გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის ვ-ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17 წლამდე ვადით.

 

მსგავსი თემები