„თელასის“ და „თელმიკოს“ დაახლოებით 700 აბონენტს გადასახადები შეცდომით დაერიცხა

სემეკი „თელასის“ და „თელმიკოს“ ბაზებს შეისწავლის და გაარკვევს, რამდენად სამართლიანია იმ ათასობით მოქალაქის საჩივარი, რომლებიც ზედმეტად დარიცხულ გადასახადზე ჩივიან. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, შეცდომები დაახლოებით 700 აბონენტთან დაკავშირებით გამოვლინდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა საგანგებო განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, საუბარია დეკემბრისა და იანვრის თვეების გადასახდის დარიცხვაზე, რომელიც არაერთი მომხმარებლის შემთხვევაში დარღვევით, გაზრდილი ტარიფით განხორციელდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან 100-მდე განცხადება შემოვიდა და შესწავლის პროცესში ვართ, ჩავთვალეთ, რომ ეს არ არის საკმარისი თუნდაც საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. სწორი გზა იქნება, რომ შევიდეთ კომპანიებში, ადგილზე გამოვითხოვოთ სწორი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ამ გზით უნდა დავადგინოთ სიმართლე, თუ რა ხდება, რა ხარვეზებია და არის თუ არა ის პრობლემები, რაზეც მოქალაქეები მიგვითითებენ“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.

მისივე განმარტებით,  გარკვეული შეცდომები სახეზეა.

„ყველა სცენარი განიხილება. გადამოწმების შედეგად, „თელასის“ და „თელმიკოს“ აბონენტთა 0,1% -ის შემთხვევაში, დაახლოებით 700 აბონენტთან დადგინდა გარკვეული შეცდომები, რომელიც უკვე გასწორებულია. მათ გადაამოწმეს ის საეჭვო დარიცხვები,  ეს არის მათი მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ უშუალოდ გვსურს შესვლა და ბილინგის ბაზების ნახვა. ვაპირებთ, რომ უმოკლეს ვადებში შევისწავლოთ მთლიანი პროცესი. ამისთვის შეირჩა ჩვენ თანამშრომელთა ძალიან დიდი ჯგუფები, რომლებიც ორივე კომპანიაში ერთდროულად შევა“, – აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

მსგავსი თემები