„მწვანე პასპორტების გაუქმებით ინფიცირება მოიმატებს, ვაქცინაცია შემცირდება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„მწვანე პასპორტების“ გაუქმებასთან დაკავშირებით იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავარის“ კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების მხრივ დიდი რისკია.

„საქართველო პანდემიის მეექვსე ტალღის აღმავალ ფაზაშია. ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია და სავსებით შესაძლებელია, რომ „მწვანე პასპორტის“ მთლიანად გაუქმებამ ინფიცირების ზრდასაც შეუწყოს ხელი. ეს, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ნაკლები განცდაა. დახურული სივრცე „მწვანე პასპორტის“ აუცილებლობას გულისხმობდა, ამ მექანიზმის მოხსნის შემდეგ, დახურულ სივრცეში ინფექციის გავრცელების რისკი უფრო მეტი იქნება. საქართველო ჯერ კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის აღმავალ ეტაპზეა“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავარში.

პროფესორის შეფასებით,  აღნიშნული გადაწყვეტილება ისედაც დაბალ ინფიცირებას კიდევ უფრო დაამძიმებს.

„გახდება თუ არა „მწვანე პასპორტის“ გაუქმება დემოტივატორი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ სურვილი გაეკეთებინათ ვაქცინა, რა თქმა უნდა, გახდება. ვაქცინაციის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. თუ ეს სისტემა არ მუშაობს, ხელშეწყობის ეს მექანიზმიც აღარ მუშაობს. სავარაუდოდ, ეს კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ისედაც დაბალ ვაქცინაციის მაჩვენებელს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები