შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავეს.

1973 წელს დაბადებული შ.ა.-ს, 1975 წელს დაბადებულ ბ.შ.-ს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს – 1988 წელს დაბადებულ ა.გ.-ს, ასევე, წარსულში ნასამართლევ პირებს: 1993 წელს დაბადებული ე.ა.-ს და 1994 წელს დაბადებული ე.ჯ.-ს ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ხოლო 1990 წელს დაბადებული გ.კ., უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1989 წელს დაბადებული ე. ს., 1980 წელს დაბადებული თ. ს. და 1960 წელს დაბადებული ი. დ. ნარკორეალიზაციისთვის არიან დაკავებული.

დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ნარკორეალიზატორთა გამოსავლენად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე ეტაპად განახორციელა ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინის”, „ჰეროინის“ და „მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების “ა” ქვეპუნქტით, 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 273-ე 1-ლი პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს

მსგავსი თემები