საქართველოში სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 კლასი გადავიდა

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

“ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში ვირუსის მართვაზე კონტროლი მაქსიმალურად მკაცრად მიმდინარეობს. შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება”, – წერია განცხადებაში.

ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 2,7%-ს და მოსწავლეების 0,9%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%

სამინისტრო კვლავ აძლევს მოსწავლეთა მშობლებს საშუალებას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე https://online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში

მსგავსი თემები