„გავრცელდა ათასობით ფაილი, რომელიც სავარაუდოდ სხვისი პირადი კომუნიკაციის ამსახველ ინფორმაციას შეიცავდა“ – სახელმწიფო ინსპექტორი  

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, პირადი ინფორმაციის გავრცელება ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება.

„ეს დღე არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ საკუთარი, თუ სხვა ადამიანების პირადი მონაცემებისა და პირადი ცხოვრების დაცვის მნიშვნელობაზე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლების პროცესში თითოეული ჩვენგანის როლსა და პასუხისმგებლობაზე. საქართველოში მონაცემთა დაცვის სფეროში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ ფუნდამენტური პრინციპების დაცვა რჩება. 2021 წელს, სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების არაერთი მძიმე პრეცედენტი: გავრცელდა ათასობით ფაილი, რომელიც სავარაუდოდ სხვისი პირადი კომუნიკაციის ამსახველ ინფორმაციას შეიცავდა;

ადამიანების დისკრედიტაციის მიზნით ვნახეთ პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გასაჯაროების ფაქტები; ჩვენ ვნახეთ სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ დოკუმენტები და მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო მხოლოდ საჯარო ან კერძო დაწესებულებებისთვის; ჩვენ ვნახეთ პერსონალური მონაცემების გავრცელებით გამოწვეული მძიმე შედეგები – ტრავმა ოჯახის წევრებისთვის, არასრულწლოვანი შვილებისთვის და ა. შ“ – აცხადებს ლონდა თოლორაია.

სახელმწიფო ინსპექტორი მაღალჩინოსნებს მიმართავს, რომ თითოეული ინფორმაციის უკან ადამიანი დაინახონ.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისთვის ჩვენ გვჭირდება: ძალთა გაერთიანება ამ სფეროში; გამართული და ქმედითი კანონმდებლობა; მკაფიოდ გაცხადებული პოლიტიკა მონაცემთა დაცვის პრიორიტეტულობის შესახებ; საჯარო და კერძო სექტორის პასუხისმგებლობის გაზრდა; საზოგადოების ცნობიერების მაღალი დონე; პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფრო მაღალი კულტურა, რომელიც სხვისი პირადი ცხოვრების პატივისცემასა და მონაცემთა დაცვაზე, ასევე, მონაცემთა არაკანონიერი გამოყენების (გავრცელების) მძიმე შედეგებზე დაგვაფიქრებს არა მხოლოდ მაშინ, როცა ის ჩვენ შეგვეხო, არამედ მაშინაც როდესაც საქმე სხვისი უფლებების დაცვას ეხება – განურჩევლად სქესისა, წარმოშობისა, ეთნიკური კუთვნილებისა, რელიგიისა, პოლიტიკური შეხედულებებისა თუ სხვა ნიშნისა; ჩვენ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი საზედამხედველო ინსტიტუტი, რომელიც აღჭურვილი იქნება ქმედითი საკანონმდებლო ბერკეტებით და იქნება ხელშეუხებელი.

ამასთან, მივმართო ყველა საჯარო უწყების, კერძო დაწესებულების, მედიის წარმომადგენელს და საზოგადოების წევრებს – თითოეული მონაცემის უკან დაინახეთ ადამიანი, არც ერთ ეტაპზე შევწყვიტოთ ზრუნვა ადამიანის უფლებებზე და გააკეთეთ თქვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი იმ ზიანის თავიდან ასაცილებლად, რაც მონაცემების არაკანონიერ გამოყენებას ან/და გავრცელებას შეიძლება მოჰყვეს”, – აცხადებს თოლორაია.

 

მსგავსი თემები