შშმ პირის ცემისთვის დაკავებულ პოლიციელებს ბრალს უყენებენ

ამ წუთებში, საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომლისთვის ბრალის წაყენების პროცესი მიმდინარეობს. წინასწარი დაკავების იზოლატორში  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი ირაკლი ლუხოშვილი მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღიარებენ თუ არა საპატრულო პოლიციის დაკავებული თანამშრომლები ბრალს, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც მათ ბრალი წარედგინებათ.

„ამ ეტაპზე ბრალი უნდა წარვუდგინოთ. ერთი პოლიციელი დაკავებულია არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, ხოლო მეორე პოლიციელი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. შესაბამისად, აღნიშნულ პირებს ბრალი ამავე მუხლებით წარედგინებათ. ერთ-ერთ ბრალდებულს საგამოძიებო ორგანოსთვის ჩვენება მიცემული აქვს. რაც შეეხება ბრალის აღიარება ან არაღიარების ფაქტს, ეს ჩვენთვის ცნობილი იქნება მას შემდეგ, რაც ბრალი წარედგინებათ. გარდა ამისა, რომელი ბრალდებული ისარგებლებს დუმილის უფლებით, ამას მას შემდეგ გეტყვით, როდესაც ბრალს წავუყენებთ“, – განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება მეტროში მომხდარ ძალადობის ფაქტს, როცა პატრულის ერთ-ერთმა ოფიცერმა, შშმ პირი ოთახში შეიყვანა და სცემა. დაზარალებულის თანმხლებმა პირმა კი ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

 

მსგავსი თემები