“არა მილიციას” – შსს-სთან აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს. მისი დაკავების მიზეზი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე „სტიკერების“ გაკვრა გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია დაახლოებით ერთი საათია გრძელდება. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

“არა მილიციას” – ეს ის „სტიკერებია“ რომელსაც აქციის მონაწილეები პერიმეტრზე აკრავდნენ.

მათი პროტესტის მიზეზი კი მეტროში, პატრულის მიერ შშმ პირის ცემა გახდა. მომხდარ ფაქტზე შსს-მ ორი პატრულ ინსპექტორი დააკავა.

ნუკრი ბაქრაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელს – კახა ბაკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

 

მსგავსი თემები