“შეზღუდვები თუ წესდება, სკოლებს ბოლოს უნდა შეეხოს და სკოლები უნდა გაიხსნას ყოველთვის ყველაზე ადრე”- ამირან გამყრელიძე

„ჩემი რეკომენდაციაა, რომ შეზღუდვები თუ წესდება, სკოლებს ბოლოს უნდა შეეხოს და სკოლები უნდა გაიხსნას ყოველთვის ყველაზე ადრე“, -განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ონლაინ სწავლებაზე ამ ეტაპზე სკოლების მცირე ნაწილია გადასული.

„ამ პანდემიის პერიოდში მოსახლეობის ჯანმრთელობამ და ქვეყნების ეკონომიკამ განიცადა ყველაზე დიდი ზიანი, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანი განიცადა სკოლამ და განათლების სისტემამ. დღეს იყო სერიოზული ანალიზი განათლების სამინისტროს მხრივ სკოლებზე, მოყვანილი იქნა პროცენტი, 2300-მდე სკოლიდან რაც არსებობს, რამდენია ონლაინ რეჟიმზე და ძალიან პატარაა ეს პროცენტი, აქედან გამომდინარე, ჩაითვალა საჭიროდ ისევ დაკვირვება სკოლებთან მიმართებაში. მთავარი სლოგანი, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი მხარს უჭერს არის, რომ სხვა სფეროებთან შედარებით სკოლის დახურვაზე ყველაზე გვიან უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება და ყველაზე ადრე გახსნილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება უნივერსიტეტებს, გამყრელიძის თქმით, უნივერსიტეტი ავტონომიურია და თავად უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა იღებს ამ საკითხზე გადაწყვეტილებას.

„ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციას ვაძლევთ, ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები შედარებით კარგად იყვნენ აცრილნი, არ დავასახელებ უნივერსიტეტებს, სადაც კარგად არიან აცრილნი და არის უნივესიტეტები, სადაც დაბალი მოცვაა, ამიტომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება,“-განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები