პრეზიდენტის შეხვედრა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან დასრულდა

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა  „ლელოს” დეპუტატს ანა ნაცვლიშვილთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელ, ეკა გიგაურთან, პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერ, ეკა ბესელიათან, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ნინო წილოსანთან და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა გიგაურმა განაცხადა,  ამ ფორმატის მთავარი მიზანი არის ის, რომ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს დისკუსიაში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეს, რომელიც „ჩვენს წარსულს და აწმყოს შეეხება“.

„განვიხილეთ მთავარი საკითხები, რომელიც უკავშირდება იმას რატომ ვართ იქ, სადაც ვართ, რა შეცდომები დაუშვია ქართულ საზოგადოებას და ზოგადად, რა ხდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, რა უნდა გავაკეთოთ როგორც საზოგადოებამ იმისთვის, რომ შეცდომები არ გავიმეოროთ. ეს არის რაზეც იყო საუბარი. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს დოკუმენტი, სადაც შეფასებული იქნება ყველა ის პროცესი, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია ისტორიული თვალსაზრისითაც. ჯერჯერობით, არ მახსენდება არცერთი ისეთი დოკუმენტი, რომელიც ამ ყველაფერს სიღრმისეულად შეაფასებს. ამიტომ, ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიგაურმა.

მსგავსი თემები