საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს მიმართავს

საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს მიმართავს, პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუცია მიიღოს.

ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივაა, უახლოეს დღეებში ერთობლივი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით კიევში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზება.

„მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე საქართველოსა და რეგიონისთვის გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე სამსჯელოდ და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების მიზნით.

საქართველოს პარლამენტში ასევე ინიცირებულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭრი რეზოლუცია. პარლამენტმა უახლოეს საპარლამენტო სესიაზე განიხილოს და მიიღოს ერთობლივი რეზოლუცია აღნიშნულ საკითხზე.

მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებს, დაუყონებლივ დაიწყონ კონსულტაციები ამ საკითხების განსახილველად“, – ასეთია საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა.

აღნიშნული ინიციატივით „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ჯგუფი გამოდის.

მსგავსი თემები