პოლიტიზირებულობა და არაკვალიფიციური კადრები ცესკო-ს მთავარი პრობლემაა – მარიამ შელეგია 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი მარიამ შელეგია​ აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში იგი შეძლებს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. მისივე შეფასებით,  პოლიტიზირებულობა და არაკვალიფიციური კადრები, ჯერ კიდევ რჩება ცესკო-ს მთავარ პრობლემად.

როგორც  მარიამ შელეგიამ მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საუბნო კომისიების დონეზე ხშირად ტარდება ტრენინგები, მაგრამ ამას შედეგი არ მოაქვს, რადგან არ არსებობს თანამედროვე სისტემის შესაფერი საარჩევნო ადმინისტრაცია.

“საქართველოში არჩევნები ძალიან ცუდი სისტემით მიმდინარეობს. ეს რეფორმები ჯერ კიდევ 2013 წელს უნდა გატარებულიყო, მაგრამ ამისთვის სახელმწიფო არ აღმოჩნდა მზად. არ არსებობდა პოლიტიკური ნებაც. ამიტომ, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევნებში აქამდე მონაწილეობა არ მიმიღია. საარჩევნო სიები, უბნის გარეთ ადამიანები – ყოველთვის იქნება გაყალბებაზე საუბარი, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მხრიდან. წარმოიდგინეთ გზა, რომელიც არ არის მოასფალტებული და ყველა ერთმანეთს აბრალებს ტალახის შესხმას. როდესაც გვექნება მოასფალტებული გზა, ერთმანეთისთვის ტალახის სროლაც აღარ იქნება. მინდა მაღალი ლეგიტიმაციის ორგანოს ხელმძღვანელი ვიყო, რომ გავატარო ყველა ის რეფორმა, რომელიც ცესკო-ს მიმართ სანდოობას გაზრდის. ჩემი მიზანია, არჩევნების შედეგების მიმართ არ არსებობდეს ეჭვები, არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების მხრიდან”, – აცხადებს ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი მარიამ შელეგია.

მისივე თქმით, მოქმედი კანონით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები, კომისიის მოქმედ თავმჯდომარე, თამარ ჟვანიასთან შედარებით არათანაბარ პირობებში იმყოფებიან და მაღალია იმის ალბათობა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარედ კვლავ ჟვანია აირჩიონ.

მსგავსი თემები