საჩუქარი ძაღლებს – თბილისის პარკებში ცხოველების კვების აპარატები და ხის სახლები გამოჩნდა

​თბილისის ქუჩებსა და პარკებში, ქუჩის ცხოველებისთვის კვების აპარატებსა და ხის სახლებს დადგამენ. პირველ ეტაპზე აპარატები რიყის პარკში, ვერის ბაღსა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში განთავსდა. პროექტი “შენი იდეა ქალაქის მერს”, ერთ-ერთ გამარჯვებულს, გიორგი ხავთასს ეკუთვნის. იდეა თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ განახორციელა.

კვების აპარატებში პლასტმასის 0,5 ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველები წყურვილს მოიკლავენ. კვების აპარატები რეციკლირების პროცესს უწყობს ხელს და მუშაობისათვის მზის ენერგიას იყენებს.

აპარატის მუშაობას თბილისის მერი კახა კალაძე რიყის პარკში გაეცნო და იდეის ავტორს მადლობა გადაუხადა.

„საკმაოდ საინტერესო და კეთილი პროექტი განხორციელდა. ეს იყო წინადადება, რომელიც პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში შემოვიდა, განვიხილეთ და მისი განხორციელების გადაწყვეტილება მივიღეთ. აპარატები უკვე დავტესტეთ. მიხარია, რომ ასეთი კეთილი საქმე გაკეთდა და მადლობა იდეის ავტორს. ბევრი იდეა მოგვაწოდეთ, ჩვენ კი მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იდეები განვახორციელოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში, დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე, კიდევ არაერთი აპარატი დაიდგმება.

კვების აპარატთან ერთად, რიყის პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის სახლიც დაიდგა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, პირველ ეტაპზე, თბილისის ქუჩებში მიუსაფარი ცხოველებისთვის 10 ხის სახლს დადგამს.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე მაია ბითაძე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი და აპარატების დადგმის ინიციატორი გიორგი ხავთასი.

მსგავსი თემები