არჩევნებზე მარგველაშვილი „ქართული ოცნებისთვის“ რისკ-ფაქტორს არ წარმოადგენს – ირაკლი კობახიძე

„პირველი ადგილის ბედი არის გადაწყვეტილი, ეს თამამად და ცალსახად აღვნიშნო, ეს იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და გიორგი მარგველაშვილს რისკ-ფაქტორად არ მიიჩნევს.

„არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი გათვლები, ჩვენი პროგნოზები და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი მარგველაშვილი არანაირი რისკ – ფაქტორი „ქართული ოცნებისთვის“ არ არის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების თვალსაზრისით. არანაირი პრობლემა ჩვენ ამ კუთხით არ გვაქვს და არანაირი რისკ ფაქტორი გიორგი მარგველაშვილი არ არის. გიორგი მარგველაშვილი იმ შემთხვევაში იქნებოდა ჩვენთვის ფაქტორი ამ არჩევნებში, თუ მას ექნებოდა მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა. თუმცა არსებული სურათი არის ისეთი, რომ მეორე ადგილზე გასვლის სურათი არის ძალიან დაბალი“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით მეორე ადგილის გამოცნობა რთულია და საკმაოდ დიდი კონკურენცია იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალური არჩევნების შემდგომ ვითარება არსებითად არ შეცვლილა და ჩამოყალიბებული ზოგადი სურათის მიხედვით, კონკურენცია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის წარიმართება.

„საკმაოდ რთულია მეორე ადგილის გამოცნობა, იქნება საკმაოდ რთული კონკურენცია. მე ვთქვი ის, რაც უკვე ვიცით, რომ მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა გიორგი მარგველაშვილს აქვს მიზერული. ​პირველი ადგილის ბედი გადაწყვეტილია, ეს ეს იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი. „ქართული ოცნების“ ნებისმიერ კანდიდატს, ჩვენი პარტიული ნდობიდან და მხარდაჭერიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად დიდი უპირატესობა ექნება.

ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს ოქტომბერში საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფოს მეთაური, რომელიც უნდ იყოს გამაერთიანებლის ფუნქციის მატარებელი. ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური ფუნქცია, აქედან გამომდინარე, ჩვენ, მმართველ პარტიას გვმართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გამოვლენა კანდიდატის შერჩევის დროს და ასეთი პასუხისმგებლობით მივუდგებით ბუნებრივია ამ პროცესს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები