გაერთიანებული ოპოზიცია, კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით გურჯაანში აქციას მართავს 

გურჯაანის სასამართლოსთან, სადაც ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორისა და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, დავით კირკიტაძე თავის კონსტიტუციურ უფლებას იცავდა, ამიტომ თუ საჭირო გახდება სტრასბურგის სასამართლო დაიცავს მის უფლებებს.

„რატომ არის დავით კირკიტაძე დაკავებული? იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქის ეშინია. ერთ კვირაში გაზის ფასი რომ აიწევს, ნახავენ ეს მოქალაქეები რას იზამენ. რა კანონი და რა სასამართლო გვაქვს? ზაზა სარალიძის შვილის მკვლელები, მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელები გარეთ დადიან. სამართალი მხოლოდ დავით კირკიტაძეზე მოქმედებს? ე.წ. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ არც ერთ ჩვენს მეგობარს და მხარდამჭერს არ დავაჩაგვრინებთ. სტრასბურგამდეც რომ დაგვჭირდეს მისვლა, დავით კირკიტაძე იქნება თავისუფალი, რადგან ის თავის კონსტიტუციურ უფლებას იცავდა,”- განაცხადა აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ.

დავით კირკიტაძისთვის შეფარდებულ მუხლს აბსოლუტურად არაადეკვატურს უწოდებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ კირკიტაძეს სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია.

​მისივე თქმით, ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს და სიმართლის დასადგენად ბოლომდე იბრძოლებენ.

ამ დროისთვის გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, მათი მხარდამჭერები და დავით კირკიტაძის მეგობრები არიან შეკრებილი. კირკიტაძეს თელავის პოლიციის იზოლატორში ბრალი უკვე წაუყენეს, თუმცა, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ამ დრომდე არ გადაუყვანიათ.

მსგავსი თემები