135 ავტომანქანის შეძენაზე  შესყიდვების სააგენტო განმარტებებს აკეთებს

“135 სატრანსპორტო საშუალების შეძენა 44 უწყებისთვისაა დაგეგმილი და ის არ არის განკუთვნილი მაღალი თანამდებობის პირთათვის”, – ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტრანსპორტის შესყიდვა აუცილებელია ისეთი უწყებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის, რომელთა საქმიანობის სფერო უშუალოდ დაკავშირებულია საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და დაავადებათა კონტროლთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან, ბუნებრივი რესურსების დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან. „

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 44 სხვადასხვა უწყებისთვის 135 ერთეული მე-3 კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სამორიგეო, მომარაგების ან/და სხვა სპეციფიკური საქმიანობის განსახორციელებლად თანამშრომელთა ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების კონსოლიდირებული წესით შესყიდვას გეგმავს. აღნიშნული შესყიდვა აუცილებელია ისეთი უწყებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის, რომელთა საქმიანობის სფერო უშუალოდ დაკავშირებულია საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და დაავადებათა კონტროლთან, სატყეო მეურნეობების მართვასთან, მთის კურორტების განვითარებასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან, ბუნებრივი რესურსების დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი 3 ივლისს გამოცხადდა, რომლის ღირებულებაც 9 045 000 ლარია, რაც მოიცავს როგორც ავტომობილის ღირებულებას, ასევე გარანტიის ფარგლებში (150 000 კმ. გარბენი ან/და 5 წელი) სავალდებულო პერიოდულ ტექმომსახურეობასა და საწვავის ხარჯებს. “შეთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2019 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. შესასყიდი ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა, ამასთან სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მარცხენა საჭიანი”, – ვკითხულობთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები