“არაფერია განსაკუთრებული, გარდა დამოკიდებულებისა” – კახა კალაძემ ქუჩის ბავშვებთან ერთად ივახშმა

თბილისის საახალწლო სამზადისის დროს მომხდარი, ამაღელვებელი ფაქტის შესახებ, სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი, ზაქარია ჭელიძე წერს. მისი ინფორმაციით, რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხის აწყობის პროცესის სანახავად მისული თბილისის მერი კახა კალაძე, იქ შეკრებილ ქუჩის ბავშვებს გაუმასპინძლდა და მათთან ერთად მიირთვა.

​როგორც ფოტოხელოვანი წერს, ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, გარდა ადამიანური დამოკიდებულებისა, რაც თანამდებობის პირების მხრიდან მართლაც იშვიათობაა.

“რესპუბლიკის მოედანზე აწყობენ ნაძვის ხეს.  იქვე მოვიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები და თითოეული იქ მყოფი ცდილობდა რაღაცით გაებედნიერებინა ისინი. ამ დროს მოვიდა თბილისის მერი კახი კალაძე. ესაუბრა ბავშვებს, შემდეგ საჭმელი შეუკვეთა მათთვის და თანამშრომლებისთვის და იქვე, მათთან ერთად მიირთვა.

ამ ისტორიაში არაფერია განსაკუთრებული, გარდა დამოკიდებულებისა. ბევრი გაიფიქრებს, – აბა რა უნდა ექნაო?!  ბევრ ფაქტს შევსწრებივარ, როცა არ გაუკეთებიათ, არც უფიქრიათ, არც შეუხედავთ ზედ, არანაკლები თანხის თუ თანამდებობის მქონე ადამიანებს.

ვინც მიცნობთ, იცით ჩემი დამოკიდებულება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მიმართ. ეს ფაქტი ძალიან მომხვდა გულზე და გამიხარდა. მეგობრობა გადაგვარჩენს, გვერდში დგომა, გაგება და სწორი ადამიანური დამოკიდებულება. რაც მთავარია, თითოეულ იქ მომუშავე ადამიანს მადლობა ნიკოლოზობას, ასეთი დადებითი იმპულსები რომ მაჩუქეთ. ბევრს აქვს თანამდებობა, მაგრამ გული? ბევრს აქვს ფული, მაგრამ გული? ბევრს აქვს გული, მაგრამ სიკეთის კეთების უნარი? ასე რომ, გვიყვარდეს ერთმანეთი”, – წერს ზაქარია ჭელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და ფოტოებს აქვეყნებს.



 

მსგავსი თემები