„რაც ვნახეთ, გაცილებით მძაფრი და მძიმეა, „შუმოკი“ ორკესტრირებული იყო“ – ნიკა გვარამია

„ჩანს კადრებიდან, რომ ადამიანი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი. უარს აცხადებს გადასვლაზე და მკურნალობის მიღებაზე იმ ჰოსპიტალში, სადაც მიიყვანეს გლდანში, ითხოვს უკან მიმაბრუნეთ რუსთავშიო და არავის არ ჰქონდა უფლება გადაყვანის“ – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან გამოსული ნიკა გვარამია, რომელიც რუსთავის დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ვიდეოკადრებს სრულად გაეცნო.

მისი შეფასებით, კადრები გაცილებით მძიმეა, ვიდრე ამას წარმოიდგენდნენ.

„ასევე, ჩანს, რომ ატყუებენ, რომ ეს უბრალოდ ანალიზების ასაღებად მოგიყვანეთ და ხანმოკლეაო, რაც ბოლოს ტყუილი აღმოჩნდა. ასევე ატყუებენ, რომ ახლა მალე შემოვლენ თქვენი ადვოკატები და ოჯახის წევრებიო, რაც ტყუილი აღმოჩნდა. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ იქ ვიდექით და არ შეგვიშვეს. შემდეგ შეყვანის კადრები არის ძალიან მძიმე სანახაობა, ეს ძალის გამოყენებაა. რაც ჩვენ ვნახეთ, ყველა რაკურსი არ არის, რამდენიმე საინტერესო რაკურსი არ არის, ხან პანდუსს ეფარება. რაც მთავარია თრევის ეპიზოდი არის და ძალიან მძიმეა ეს ეპიზოდი სანახავად. ჩანს, რომ ორკესტრირებულია იქ „შუმოკი“ და ასევე, უმძიმესი ტექსტები გვესმის ვინმე გიორგაძისგან, რომელიც არის ცხვარიაშვილის მოადგილე, ცხვარიაშვილი ბევრად უკეთესად იქცევა, ვიდრე ის გიორგაძე, რომელიც ეუბნება შენი აშენებული რომ არის, იმიტომ დაგჩხავიან ახლა თავზეო, ანუ ეუბნება, რაც დაიმსახურე ის ხდებაო,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ დაცვის მხარეს შესაძლებლობა მისცეს, ვიდეომასალებს სრულად გაცნობოდნენ.

 

მსგავსი თემები