„პანდემიის პერიოდში ექიმებზე თავდასხმა გახშირდა, დაუცველები არიან სასწრაფოს ბრიგადები, რომლებიც პაციენტის ტერიტორიაზე იმყოფებიან“- სალომე ლოლუა

კოვიდპანდემიის პერიოდში სამედიცინო პერსონალზე თავდასხმა გახშირდა. როგორც „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავართან“ აღნიშნა, დაუცველები არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც, რომლებიც უშუალოდ პაციენტის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

მედპერსონალზე ძალადობის ფაქტები საკმაოდ გახშირდა. ვმუშაობთ სტატისტიკაზე აღნიშნული მიმართულებით – სამედიცინო პერსონაზე თავდასხმის კუთხით. საკმაოდ მძიმე ფაქტებთან მოგვიწია შეჯახება. სტატისტიკაზე მუშაობისას რამდენიმე საკვანძო საკითხს წავაწყდით. მედპერსონალი კლინიკებში თავს დაცულად ვერ გრძნობს. იცით, რომ კლინიკების უმეტესობა კერძოა. შესაბამისად, კერძო პირს, ბიზნესმენს არ სურს, რომ ზედმეტი ხმაური იყოს მის კლინიკასთან დაკავშირებით. ამიტომ, მედპერსონალს თმენის ვალდებულებისკენ მოუწოდებენ მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა დანაშაული – სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა. მეორე – რეგიონებში არსებულ კლინიკებში უფრო დაუცველია მედპერსონალი, ვიდრე თბილისში“ – განაცხადა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავართან“.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია.

„მაგალითად, გეგმიური ამბულატორიული გასინჯვისას, პაციენტი გამოვიდა თუ არა ექიმის კაბინეტიდან, ჩაუმსხვრია მინა. ის იყო 27 წლის პაციენტი. ასევე, ერთ-ერთ ჰოსპიტალში, 2 კვირის უკან, პაციენტის პატრონმა სცემა ექიმი. ასევე, ხშირია სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა“ – აღნიშნა სალომე ლოლუამ მედიაცენტრ მთავართან“.      

მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევები რეგიონებში უფრო ხშირია, ვიდრე თბილისში.

რეგიონებში გვაქვს სამედიცინო პერსონალის ცემის ძალიან ბევრი ფაქტი.  სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა არ შეიცავს მედპერსონალის უფლებების შესახებ ინფორმაციას და ჩვენი ასოციაციის სურვილია, ეს კანონით იყოს გაწერილი. ასევე, უნდა დაისაჯოს ყველა ის პიროვნება, ვინც ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებს მედპერსონალს. კოვიდპანდემიის დროს, ინდოეთში საკმაოდ გახშირდა ექიმებზე თავდასხმა. შესაბამისად, მიიღეს კანონი, რომლითაც თავდამსხმელები 7 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯებიან,  სიტყვიერ შეურაცხყოფაზე კი ფულადი ჯარიმა არსებობს“, – აღნიშნა ლოლუამ „მედიაცენტრ მთავართან.

მისივე თქმით, გამოიკვეთა, რომ დაუცველები არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებიც უშუალოდ პაციენტის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

 

მსგავსი თემები