“ცუდი ზავი ყოველთვის სჯობს კარგ ომს” – ვახტანგ ხმალაძე ვადამდელ არჩევნებზე

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ხელისუფლებას ურჩევს, საპარლამენტო არჩევნების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან მოლაპარაკებები გამართოს, რათა ვითარება პოლიტიკურ კრიზისში არ გადაიზარდოს.

“ცუდი ზავი ყოველთვის სჯობს კარგ ომს, – ეს არის ანდაზა, ჩემი მოგონილი არ არის”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, სახელმწიფო მოწყობის სხვა მოდელებს შორის საპარლამენტო რესპუბლიკას უპირატესობას იმ მოსაზრებით ანიჭებს, რომ ასეთ რესპუბლიკებში პოლიტიკური კრიზისიდან მინიმალური დანაკარგებით გამოსვლაა შესაძლებელი, რაც სხვა შემთხვევაში არ ხდება. იქნება ეს მთავრობის შეცვლა, თუ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რაც არ ხდება საპრეზიდენტო მმართველობის დროს.

“ამ მექანიზმებს თუ არ გამოვიყენებთ, ყველაფერი შეიძლება მძიმე შედეგებით დამთავრდეს. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით თუ ჩატარდება, საქართველოს ერთპარტიული უმრავლესობა აღარ ეყოლება. ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. როდესაც ოპოზიციის მოთხოვნის კატეგორიული უარყოფა ხდება, მაშინ, ყველაფერი იმით მთავრდება, რომ ან ვინც ითხოვს, ვერ აღწევს თავის მიზანს, ან ვინც უარს ამბობს მოთხოვნის შესრულებაზე – მარცხდება. ეს არის რევოლუციური სიტუაცია. 2003 წლის საპარალამენტო არჩევნებში, შევარდნაძის ხელისუფლებას სააკაშვილის გამარჯვება რომ ეღიარებინა, ჩვენ გვეყოლებოდა მრავალპარტიული პარლამენტი. მაშინ ამაზე უარი თქვა ხელისუფლებამ, რაც დამთავრდა რევოლუციური ცვლილებით. იმ ხელისუფლებამ ძალაუფლება მთლიანად დაკარგა”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ “მთავარში“.

მსგავსი თემები