“ნაციონალური მოძრაობა” დღეს ითხოვს იმას, რასაც 2016 წელს, თავად არ დაუჭირეს მხარი – კონსტიტუციონალისტი 

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” 2016 წელს, საკონსტიტუციო ცვლილებისთვის მხარი რომ დაეჭირა, 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა, რასაც გაერთიანებული ოპოზიცია ამჟამად ითხოვს.

როგორც ვახტანგ ხმალაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2016 წლის პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციის სახით იყო წარმოდგენილი. მაშინ, მათ მხარი არ დაუჭირეს აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებას. შესაბამისად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მხოლოდ 2024 წლის არჩევნებისთვის იქნება შესაძლებელი.

კონსტიტუციონალისტის განმარტებით, ​​16 დეკემბრიდან მოქმედებს საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი წესი, რომლის თანახმად, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელი დეპუტატების ხმების 2/3-იანი უმრავლესობით. მაგრამ ის უცვლელი სახით უნდა დაამტკიცოს მომდევნო პარლამენტმაც, სხვა შემთხვევაში ცვლილება ვერ ამოქმედდება. ხოლო, თუ ცვლილება შეტანილია 3/4-ის უმრავლესობით, ის მაშინვე ამოქმედდება. იმისათვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს, მოქმედ პარლამენტში მან დეპუტატების 3/4 -ის მხარდაჭერა უნდა მიიღოს. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში – “ქართულმა ოცნებამ” ან თავად უნდა მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტში აქვს 3/4-იანი უმრავლესობა, ან გაერთიანდნენ “ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოსა” და “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატები, რასაც დაემატება “ქართული ოცნების” დეპუტატების ნაწილის ხმები.

“პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება დამოუკიდებლად შეუძლია მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას”, რადგან მას პარლამენტში აქვს ერთპარტიული, 3/4-იანი უმრავლესობა. მაგრამ ის ამის გაკეთებას ვერ შეძლებს, რადგან “ქართულ ოცნებაში” არის დეპუტატების ჯგუფი, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ამიტომ საჭირო იქნება “ევროპული საქართველოს”, “ნაციონალური მოძრაობისა” და “პატრიოტთა ალიანსის” მხარდაჭერა. რამდენადაც მახსოვს, “პატრიოტთა ალიანსიც” უჭერს მხარს პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ე.ი პრობლემა ისევ “ქართულ ოცნებაშია“. თუ ამაზე მოხერხდა შეთანხმება, რასაც ჯერჯერობით პირი არ უჩანს, შესაძლებელი იქნება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

მისივე თქმით, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” გარდა, ყველა პოლიტიკური პარტია და ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ პარლამენტის მაჟორიტარული წესით არჩევის სისტემა უნდა შეიცვალოს პროპორციული სისტემით.

“30 წელია, მაჟორიტარულ სისტემას, არც ერთი სახელისუფლებო პარტია არ თმობს, იმიტომ, რომ მაჟორიტარული სისტემა მმართველ პარტიას აძლევს საკმაოდ მნიშვნელოვან ფორას და უპირატესობას სხვა პარტიებთან შედარებით”, – აცხადებს ხმალაძე.

მისივე განმარტებით, დღევანდელ ვითარებაში, რიგგარეშე საპარალამენტო არჩევნების დასანიშნად, მძიმე პოლიტიკური შეთანხმებაა საჭირო. ახალი კონსტიტუციის თანახმად ვადამდელი არჩევნები შესაძლოა დაინიშნოს ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტი ვერ შეძლებს მთავრობის შექმნას. პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს თანამდებობიდან და ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყოს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ გამოუცხადებს ნდობას ახალ მთავრობას, პრეზიდენტი ვალდებული იქნება დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

მსგავსი თემები