ახალი კონსტიტუციის დადებითი და სარისკო პუნქტები

  •  

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ახალი კონსტიტუციით, კერძო პირს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა ეზღუდება. პარლამენტის წევრსა და პრეზიდენტს კი ეს უფლება რჩებათ. პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედებულ ახალ საკონსტიტუციო ნორმებზე ვახტანგ ხმალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

“კონსტიტუციაში არის რიგი მუხლები, რომლებიც შინაარსობრივად არ შეცვლილა, თუმცა რედაქციულად სხვა სახე მიეცა. გადაადგილება მოხდა პირველ და მეორე თავს შორის, რამაც ზოგ ნაწილში შესაძლოა პრობლემებიც კი შექმნას. მაგალითად, ასეთია ზოგიერთი უფლების პირველ თავში გადატანა. მის მიხედვით, კერძო პირი, მისი უფლებების შელახვას საკონსტიტუციო სასამართლოში ვერ გაასაჩივრებს. მიზეზი შემდეგია: კონსტიტუცია ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ადამიანებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ უფლებების დარღვევა, თუ ეს უფლება დაცულია კონსტიტუციის მეორე თავით“ – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ხმალაძე დადებითად აფასებს კონსტიტუციის იმ ნორმას, რომლითაც, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, ავტომატურად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას არ გამოიწვევს: „კონსტიტუციით აკრძალული იყო ორმაგი მოქალაქეობა, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, როცა პრეზიდენტი, სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობას ანიჭებდა. ხოლო, საქართველოს მოქალაქის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება იწვევდა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას. სწორედ კონსტიტუციის ამ ნორმის საფუძველზე შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილს. ახლა ეს აკრძალვა მოხსნილია და საქართველოს მოქალაქის, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება აღარ გამოიწვევს მოქალაქეობის შეწყვეტას. შეიძლება ითქვას, რომ ამით მოქალაქეთა უფლებების არეალი ფართოვდება, თუმცა აღნიშნულმა, შესაძლოა, წმინდა პოლიტიკური ხასიათის პრობლემები შექმნას“.

მსგავსი თემები