„კოვიდის 60 ათასი აქტიური შემთხვევა გვაქვს, რაც ჩვენს ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს და აფრთხილებს. როგორც ინფექციონისტი განმარტავს,  ნუ იქნებიან იმის იმედზე, რომ „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ „ომიკრონმა“, რომელიც სხვა ქვეყნებში ჩვენზე ადრე გავრცელდა, ყველა ქვეყანაში მოხსნა ისტორიული რეკორდების რაოდენობა, „ომიკრონი“ ძალიან იოლად და სწრაფად ვრცელდება. ძალიან დიდი ალბათობით, სამწუხაროდ, 8700 შემთხვევა, რომელიც ჩვენთან იყო და ჯერჯერობით ჩვენთვის ყველაზე მაღალი რიცხვი იყო, არ იქნება ბოლო. უახლოეს დღეებში ველით შემთხვევით კიდევ უფრო მეტ მატებას, როგორც ეს მოხდა მთელს მსოფლიოში“ – აცხადებს ცერცვაძე.

მისივე შეფასებით,  სიკვდილიანობის შემთხვევებიც იზრდება.

„მინდა ყველას იცოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ ნამდვილად ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს და პროცენტულად უფრო დაბალ სიკვდილიანობას, იმის ხარჯზე, რომ შემთხვევების რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე იყო „დელტას“ დროს, ჯამურად მაინც ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც იზრდება და სიკვდილიანობის შემთხვევებიც. ყველაფერ ამის გათვალისწინებით ჩვენთან მაქსიმალური მზაობაა. თქვენ იცით, კლინიკური სექტორი ყველაზე მძიმე პერიოდშიც იყო სათანადო სიმაღლეზე, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ არცერთი ავადმყოფი არ რჩებოდა და არ რჩება არც დღეს ექიმის გარეშე. ყველა, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ერთ საათის განმავლობაში ჰოსპიტალიზებულია“ – ამბობს ცერცვაძე.

მისივე შეფასებით,  დღეისთვის ჩვენ გვაქვს 60 ათასი აქტიური შემთხვევა კოვიდის, რაც უახლოვდება ჩვენს ისტორიულ მაქსიმუმს.

„62 ათასი იყო ყველაზე მეტი, მაგრამ მიუხედავად ამისა ჯერჯერობით არავითარი პრობლემა პაციენტების ნაკადების მართვაში არ ყოფილა, ჯანდაცვის სამინისტრომ 60 ონლაინ კლინიკას, რომელიც ოჯახის ექიმებით არის დაკომპლექტებული და მკურნალობენ ბინაზე დარჩენილ პაციენტებს, დაამატა კიდევ 40. უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული, ყველა მათგანი მომზადებულია, გავლილი აქვთ ტრენინგი. კლინიკებში 8 000 საწოლია მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში მეტი იქნება და რაც ყველაზე მთავარია იმ უახლესი, სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტებით, რომელზეც მე ბოლო ორი თვეა სისტემატიურად ვლაპარაკობ, შედეგი უკვე სახეზეა, სიკვდილიანობის რაოდენობა განახევრდა და და კიდევ უფრო მეტად მოიკლო. დღეს იყო 27, რაც ცოტა არ არის, მაგრამ სად 80 და სად 27“, – განმარტავს თენგიზ ცერცვაძე.

 

მსგავსი თემები