“ჩემს ქუჩაზე ცაცხვი ან აკაცია – Lancome-ს და Dior-ის არომატი მინდა” – კასპის ქუჩა გამწვანდება

თბილისის ისნის რაიონში, კასპის ქუჩაზე მალე, 30-მდე ძირ, იაპონურ სოფორას დარგავენ. ქუჩის გამწვანებას ადგილობრივები ჯერ კიდევ 2016 წლიდან ითხოვენ. დედაქალაქის მერიასაც არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

​კასპის ქუჩაზე სტალინის არალეგალური სტამბა-მუზეუმი არსებობს, შესაბამისად ტურისტები ამ ქუჩის ხშირი სტუმრები არიან. როგორც ადგილობრივები ამბობენ, უცხოელები გაოცებულები უყურებენ ტროტუარზე დატოვებულ ცარიელ კვადრატებს.

​როგორცმედიაცენტრ მთავარს” ადგილობრივმა მცხოვრებმა და ფოტოს ავტორმა, ჟურნალისტმა დავით ახვლედიანმა განუცხადა, რამდენიმე წლის წინ, ქუჩაზე 20-30 სმ-ის სიმაღლის ნერგები დარგეს, მაგრამ მალევე გახმა.

“ჩემს ქუჩაზე მინდა ცაცხვი ან აკაცია, რომ Lancome-ის და Dior-ის არომატი ჩქეფდეს”, – წერს ფოტოს ავტორი დავით ახვლედიანი სოციალურ ქსელში.

როგორც ჩანს მისი თხოვნა მივიდა ადრესატამდე, მაგრამ მერიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ აკაციისა და ცაცხვის ნაცვლად იაპონური სოფორას დარგავენ.

ჩინეთსა და იაპონიაში გავრცელებული იაპონური სოფორა საშუალო სიმაღლის ხეა,  საქართველოში ის ძირითადად ბაღებსა და პარკებში ირგვება. მცირე რაოდენობით გაშენებულია თბილისისა და გორის შემოგარენის ტყის კულტურებში, აგრეთვე ამიერკავკასიის რკინიგზის დაცვის ტყის ზოლებში. მას ღია, მოყვითალო ყვავილები აქვს და საკმაოდ გვიან, მაღალი ტემპერატურული რეჟიმის დადგომის შემდეგ, უმეტესად ივლის-აგვისტოში ყვავის.  გვალვის ამტანი და სითბოს მომთხოვნია, ამიტომ უფრო დაბალი ზონის გამწვანებისთვისაა სასურველი.

სოფორის ნაყოფს ბაქტერიციდული თვისებები გააჩნია ოქროსფერი სტაფილოკოკისა და ნაწლავის ჩხირის მიმართ. ნაყოფისაგან მომზადებულ ნაყენს სველი საფენებისა და ტამპონების სახით იყენებენ ეგზემის, ქრონიკული ანთებითი პროცესის, ჭრილობების, დამწვრობის და ტროფიკული წყლულის სამკურნალოდ.

2016 წელს გადაღებული ფოტო.

 

მსგავსი თემები