კონკურენციის სააგენტომ ეკონომიკური აგენტებისათვის მორიგი გზამკვლევი დოკუმენტი დაამტკიცა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, სარეკომენდაციო ხასიათის გზამკვლევი   დაამტკიცა და „კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში” არსებული დებულებები ევროკავშირის მიერ დაწესებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანა.

გზამკვლევი მოიცავს, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული, კონკრეტული საქმეების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ევროკომისიისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ განიხილა: მტაცებლური ფასები, ფასდათმობები, ფასისმიერი დისკრიმინაცია (ფასის შერჩევითი შემცირება), მარჟის შეზღუდვა, მიბმა, მიწოდებაზე/დაშვებაზე უარი.

როგორც კონკურენციის სააგენტოში განმარტავენ, გზამკვლევის მიზანია ეკონომიკურ აგენტებს, იურისტებსა და სხვა სამიზნე ჯგუფებს, მარტივად აღქმადი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია, ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების კონკრეტული სახეების შესახებ და ამ თვალსაზრისით ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება. განხილულია მსოფლიო დონის კომპანიების, მათ შორის Velux-ის, Deutsche Telekom-ისMicrosoft-ის, British Airways-ის, Google LLC-ის, British Sugar-ისა და სხვათა შემთხვევები.

მაგალითად, British Sugar-ი (შემდგომში – „BS”) „საწარმოო შაქრის“ უმსხვილესი მწარმოებელი, უარს აცხადებდა მიეწოდებინა შაქარი კომპანიებისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ შეიძენდნენ სადისტრიბუციო მომსახურებას BS-ისაგან ან მის სადისტრიბუციო სერვისში შემავალი მიმწოდებლისაგან. კომისიამ დაადგინა, რომ BS-მა ბოროტად გამოიყენა დომინანტური მდგომარეობა მისი კონკურენტი – Napier Brown-ისათვის შაქრის მიწოდებაზე უარის თქმით. Napier Brown წარმოადგენს კომპანიას, რომელიც აწარმოებს თავის პროდუქციას „საწარმოო შაქრის“ საშუალებით.

გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი ავიაკომპანია British Airways-ის მიერ განხორციელებული ფასდათმობების სქემები სასამართლომ დისკრიმინაციულად შეაფასა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა სახის გარემოებებზე, მაგალითად, იმაზე, რომ ბრიტანული ავიახაზების საბაზრო წილი ორჯერ მეტია (39.7%), ვიდრე დანარჩენი 5 ძირითადი კონკურენტისა ერთად. აგრეთვე, ტურისტული აგენტები დიდ ბრიტანეთში ძირითადად დამოკიდებულნი არიან ბრიტანეთის ავიახაზებიდან მიღებულ შემოსავლებზე, რადგან ტურისტული აგენტებისთვის, რომლებიც დაფუძნებულნი არიან დიდ ბრიტანეთში, ბრიტანეთის ავიახაზები სავალდებულო ბიზნეს პარტნიორია. ამასთან, სხვა მთავარ ხუთ კონკურენტთან შედარებით, ბრიტანეთის ავიახაზები სთავაზობს ბევრად ხშირ ფრენას, მიმართულებების ფართო არჩევანს, ეკონომიკური სიძლიერიდან გამომდინარე, ის იკავებს მსოფლიო რეიტინგში მოწინავე ადგილს კილომეტრაჟის გავლის მიხედვით, მისი ქსელისა და სატრანსპორტო მომსახურების გათვალისწინებით.

მათივე განმარტებით, დოკუმენტში განხილული პრაქტიკა მხოლოდ საორიენტაციო ხასიათისაა და არ ზღუდავს კონკურენციის კანონის აღმასრულებელ ორგანოს – საქართველოს კონკურენციის სააგენტოს კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, განსხვავებულად განმარტოს ქართული კანონმდებლობა.

გზამკვლევში განმარტებულია, თუ რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს ეკონომიკური აგენტის მიერ დაბალი ფასების დაწესება მტაცებლურ ფასად და შესაბამისად, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად. ევროპის სასამართლოში მიაჩნიათ, რომ ასეთ დროს დომინანტი ეკონომიკური აგენტის მთავარ ინტერესს წარმოადგენს კონკურენტების განდევნა, შესაბამისი ბაზრის მონოპოლიზება და ამის შემდეგ ფასების გაზრდა, ვინაიდან მის მიერ წარმოებული პროდუქციის დაბალ ფასად გაყიდვის თითოეული შემთხვევა წარმოშობს მისთვის მნიშვნელოვან დანაკარგებს, სახელდობრ, ფიქსირებული და ცვლადი დანახარჯების სახით.

 

 

 

მსგავსი თემები