დასრულდა ნიკოლ პაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის მარათონი – ამირან სალუქვაძე

  •  

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებით, რომლებშიც მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა 5%-იანი ბარიერი, ნიკოლ პაშინიანმა დაასრულა მისი ბრძოლის მთავარი ეტაპი და პარლამენტზე სრული, 100%-იანი კონტროლი მოიპოვა.

პარლამენტში 70,5% მოიპოვა პაშინიანის პარტიამ “ჩემი ნაბიჯი” და მისმა მოკავშირეებმა “აყვავებულმა სომხეთმა” და “ნათელმა სომხეთმა” 8 და 6%-ით, შესაბამისად.

სომხეთის კონსტიტუციით ერთ პარტიას არ შეიძლება ჰქონდეს ხმათა 2/3-ზე მეტი. შესაბამისად, ამ შედეგებით, 2/3-ს მიიღებს ნ. პაშინიანის პარტია, ხოლო 1/3 მიღებული ხმების შესაბამისად პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ორ პარტიაზე.

პარლამენტში ვერ მოხვდნენ ყოფილი მმართველი ძალა, რესპუბლიკური პარტია, ასევე, ჩვენთვის კარგად ცნობილი, დაშნაკციუთუნი.

ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკოლ პაშინიანი საკონსტიტუციო უმრავლესობას კი არა, სრულად აკონტროლებს პარლამენტს და, თუ აქვს ასეთი გეგმები, უახლოეს პერიოდში შეეცდება მისთვის ხელსაყრელი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელოს.

რესპუბლიკური პარტია თავისივე მახეს წამოეგო და მის მიერვე დაწესებული 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

საგარეო ვექტორის შეცვლა, სომხეთში მოსალოდნელი არაა. რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობებს, პაშინიანმა ცალკე გამოჰყო, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება.

გუშინ, ერთ-ერთ ცენტრალურ არხზე, მოვისმინე შეფასებები, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიის თვალსაზრისით კარგავს ფლაგმანის პოზიციებს.

ასეც რომ იყოს, მაინც ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. ამავე დროს, ჩვენი მეზობლები იგივეს არასდროს აღიარებენ, სულ რომ ჩამოიქცეს მათთან დემოკრატია. ასეთ შეფასებებს, ცენტრალური არხებზე, თვალს ადევნებს მსოფლიო მედია, ანალიტიკოსები და თემა იქნება, ჩვენს საწინააღმდეგოდ, რომლის გაქარწყლებას დიდხანს მოვუნდებით.

ან რა მოხდა სომხეთში ისეთი განსაკუთრებული, რაც ჩვენ არ გვინახავს, აქ არ მომხდარა, ან არ მოხდება? თუ ყოველ 2-3 წელში რევოლუცია უნდა მოვაწყოთ?

ჩვენთან მიმდინარე პროცესებს არ ჩავუღრმავდები. სომხეთის ცვლილებებს კი დავაკვირდებით. ამ ეტაპზე გვაქვს რევოლუციური ფონი. არჩევნებს წინ უძღოდა ხმაურიანი დაკავებები, მ.შ. ექს-პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის, მიუხედავად პუტინის მხარდაჭერისა და დაბადების დღის მილოცვისა. ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას ახდენს. არჩევნები ჩაატარა რევოლუციურ ფონზე მოსულმა მთავრობამ, რომელმაც ხალხის ზეგავლენით აიძულა პარლამენტს თვითდაშლის გზით წასულიყო.

პარალელს საქართველოსთან გავავლებდი. 2003 წელს, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, რევოლუციურ ფონზე ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები ჩავატარეთ, 97%-იანი შედეგით, შემდეგ კი, იმავე ტალღაზე, საპარლამენტო, ასევე პარლამენტზე სრული კონტროლის მოპოვებით.

საქართველოს მიერ 2003-დან განვლილი 15-წლიანი გზა ვიცით, რა გზას გაივლის სომხეთი, ვნახოთ. რა თქმა უნდა, ვისურვებდი მშვიდობიანად გაგრძელდეს სომხეთის განვითარება და გააგრძელონ გზა თავისუფლებისაკენ და დემოკრატიისკენ.

ავტორი: ექსპერტი სამხედრო საკითხებში ამირან სალუქვაძე 

მსგავსი თემები