თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე ძველი ავტოფარეხების ადგილას სკვერი მოეწყო

თბილისის საბურთალოს რაიონში, კერძოდ, ჩიქოვანის ქუჩის N 16-ში, უკანონო ავტოფარეხების ადგილას, მწვანე  სივრცე მოეწყო.  30-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი, ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვით განხორციელდა.  ტერიტორიაზე მოეწყო სკვერი, სადაც თანამედროვე საბაღე ფურნიტურა დაიდგა, დამონტაჟდა სხვადასხვა ატრაქციონი და განათების სისტემა;

ასევე, განახლდა საბავშვო გასართობი მოედანი, სადაც დაიგო კაუჩუკის საფარი. ტერიტორია სხვადასხვა ხე-მცენარით გამწვანდა, საფეხმავლო ბილიკები კი ფილებით მოპირკეთდა. საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ასფალტის ახალი საფარი დაიგო.

განხორციელებული სამუშაოები დღეს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა და განაცხადა, რომ  დედაქალაქის მერიას ანალოგიური მიდგომა ექნება ყველა იმ ადგილთან დაკავშირებით, სადაც ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდება.

„ყველა ვხედავთ, რა ლამაზი სკვერი მოეწყო იმ ძველი, უსახური ავტოფარეხების ადგილზე, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ადგილობრივებისთვის და შეუფერებელი იყო გარემოსთვის. მათი დიდი ნაწილი უკანონოდ იყო დადგმული. ეს მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენ საბურთალოს რაიონის გამგეობასთან ერთად განვახორციელეთ. ეს გახდა ადგილი, სადაც ადამიანებს ნებისმიერ დროს ექნება შესაძლებლობა, პატარებთან ერთად მოვიდნენ და  ზაფხულის ცხელ დღეებში მწვანე სივრცეში დაისვენონ.  სხვათა შორის, ამ პროექტს დიდი გამოხმაურება მოყვა, თითქმის ყველა რაიონში ხდება ანალოგიური ქმედებები. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო მოსახლეობას, გვერდით დაგვიდგნენ. ეს ყველაფერი ისევ მათთვის და მათი შვილებისთვის კეთდება. ყველა თეთრის დახარჯვის პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერია და გამგეობები იღებენ. არანაირი ხარჯი მათ არ მოუწევთ, ამ პროექტებს ჩვენ განვახორციელებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

სკვერის პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 56410 ლარით დაფინანსდა.

თბილისის მერთან ერთდ ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში ლევან გოგიჩაიშვილი და ვახტანგ შაქარიშვილი.

 

მსგავსი თემები