„არ უნდა დავმშვიდდეთ“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, „ომიკრონის“ ცირკულაციის წილი საერთო დადებით შემთხვევებში დღითიდღე მატულობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა გარდაუვალია.

„დღევანდელი მონაცემებით, თანდათან მატულობს ომიკრონის ცირკულაციის წილი საერთო დადებით შემთხვევებში. ქვეყნის საშუალოდ 50%-ს, თბილისში 65%-ს და დანარჩენს 30%-ზე ოდნავ მეტს რეგიონებში.

დროის მოკლე მონაკვეთში დიდი რაოდენობით გვექნება კუმულაციური ციფრები დადებითი მაჩვენებლებისა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია გადატვირთვა ჯანდაცვის სექტორის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც მან განაცხადა, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს ის, რომ „ომიკრონის“ დროს გართულებები შედარებით ნაკლებია.

მისივე თქმით, აცრა, პირბადის ტარება და ზოგადი წესები დაცვა კვლავ მნიშვენლოვანი და აუცილებელია.

„არ უნდა დავმშვიდდეთ, როცა ვსაუბრობთ, რომ შედარებით მსუბუქად და შედარებით მოკლე ინკუბაციური პერიოდით, შედარებით ნაკლებია გართულებები „ომიკრონის“ დროს, განსაკუთრებით აცრილებში და ბუსტერიზირებულებში. ამიტომ, ბუსტერიზაცია, სრული აცრა, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება – თუ ყველაფერს ამას შევასრულებთ, შედარებით ნაკლებ დამაზიანებელი იქნება ეს ტალღა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები