“ნაციონალურ მოძრაობას” დღემდე აქვს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა – გიორგი ლომია

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ლომია აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ იმ მოსაზრებით არ წამოაყენეს, რომ ხმები არ გაეყოთ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილისთვის, შესაბამისად, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის გამარჯვების შანსი არ გაზრდილიყო.

​როგორც გიორგი ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებში გააკეთეს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის და იგივე ურჩიეს საკუთარ ამომრჩეველს.

ლომიას აზრით, “ქართული ოცნება” არა მხოლოდ უმადურად მოექცა საკუთარ ხალხს, შეურაცხყოფა მიაყენა იმით, რომ არ დაუტოვა უკეთესი არჩევანი. რასაც შესაბამისად უპასუხა ხალხმა არჩევნების პირველ ტურში.  ​

” საპრეზიდენტო არჩევნებში ​ჩვენი კანდიდატურა იმიტომ არ დავაყენეთ, რომ ვფიქრობდით ქვეყანაზე, რომ გავუყოფდით ხმებს სალომე ზურაბიშვილს. ამით ხელს შევუწყობდით “ნაციონალურ მოძრაობას”, იმით, რომ  ვიცოდით, ყველა შემთხვევაში გაყალბდებოდა არჩევნები. ყველას ჰგონია, რომ სახელისუფლებო პარტია აყალბებს არჩევნებს, სახელისუფლებო პარტია აყალბებს თავის ნაწილს, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობასაც” ამის კარგი შესაძლებლობები აქვს. საარჩევნო კომისიებში კვლავ “ნაციონალური მოძრაობის” ხალხია. რატომ წააგო ჯარში არჩევნები 2018 წელს სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 2013 წელს გიორგი მარგველაშვილმა, იმიტომ, რომ ჯარსა და პოლიციაში, ყველა წამყვან თანამდებობებზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მუშაობენ. ამიტომ ჟონავს მუდმივად ამ უწყებებიდან ინფორმაციები. ეს არის ხელისუფლების პრობლემა, მაგრამ საბოლოო ჯამში ქვეყნის პრობლემა”, – განაცხადა გიორგი ლომიამ “მთავარში“.

მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია დღეს არ დგას ხალხის მხარეს და მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ. “ქვეყანაზე თუ ზრუნავდნენ თავიდანვე გაერთიანდნენ და პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილს დაამარცხებდნენ. მაგრამ მათ საკუთარი რეიტინგების გადამოწმება სურდათ”, – მიაჩნია გიორგი ლომიას.

მსგავსი თემები