პრეზიდენტის სიძე ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ბრალდებით დააკავეს 

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური და კიდევ რამდენიმე პირი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუშინ, ღამის საათებში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე დააკავეს.

დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილია. ის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს​.

​როგორც პოლიციის თანამშრომლები აცხადებენ, დაკავებულები თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე  დროებითი საცხოვრებელი ბინიდან აიყვანეს, ბინის ჩხრეკისას ამოიღეს, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველების გამოჩენისას დაკავებულებმა, საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლსასროლი იარაღი გადაყარეს. შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია 2 პისტოლეტი, რომლებსაც  ექსპერტიზა ჩაუტარდება.

მინდია გოგოჭური დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

​პრეზიდენტის სიძეს სამართალდამცავებთან პრობლემები აქამდეც ჰქონია. ის სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე იყო დაკავებული.​

“გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მსგავსი თემები