“ჯიუტი ხასიათი – ოჯახში, პოლიტიკაში მნიშვნელოვანია ინტერესები” – შეფასება

​საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ  იმ შემთხვევაში, თუ ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მმართველი პარტია “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში საღად ოპოზიციურ პოზიციას არ დაიკავებს და საზოგადოების სურვილებისა და ინტერესების გამტარებელი არ იქნება, მისი მომავალი პოლიტიკური კარიერა სერიოზულად დაზარალდება.

როგორც დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, სალომე ზურაბიშვილის მორალური ვალდებულებაა იზრუნოს იმაზე, რომ საზოგადოებრივი აზრი იყოს მის მხარეს და არა წინააღმდეგ, რასაც განაპირობებს პრეზიდენტის რანგში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ადამიანმა პრაქტიკულად საკუთარი სურვილი აისრულა, გახდა პრეზიდენტი და ის საქართველოს ბოლო არჩეული პრეზიდენტი იქნება. აქედან გამომდინარე მას ეკისრება ვალდებულება მართლა კრიჭაში ჩაუდგეს “ქართულ ოცნებას”, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი რეპუტაცია საგრძნობლად დაზიანდება. მისი მომკითხავი და გამკითხველი რჩება მხოლოდ საზოგადოებრივი აზრი. მეტი არაფერი და ამ ადამიანმა უნდა იზრუნოს, რომ საზოგადოებრივი აზრი იყოს მის მხარეს და არა მის საწინააღმდეგოდ”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მისივე შეფასებით, არგუმენტი, რომ სალომე ზურაბიშვილი ჯიუტი ხასიათის პოლიტიკოსია და არჩევნებში მხარდაჭერის გამო “ქართული ოცნების” ე.წ მძევალი არ გახდება, სუსტია. ხასიათის გამოვლენაზე მეტად, პოლიტიკაში მნიშვნელოვანია ის, თუ ვისი ინტერესების დამცველი და გამტარებელი იქნება პრეზიდენტი.

“ხასიათი შეიძლება ადამიანმა ოჯახში გამოავლინოს, მაგრამ პოლიტიკაში არის ინტერესები. ადამიანს ქვეყნის ინტერესები უზენაესად თუ მიაჩნია და თვლის, რომ მისი პოზიცია სასარგებლო იქნება ქვეყნის ინტერესებისთვის, ის არ წავა დათმობებზე მმართველ გუნდთან. ხასიათი შეიძლება ცოლ-ქმარს შორის, ბავშვებთან მიმართებაში გამოავლინოს ადამიანმა, აქ არის ქვეყნის ინტერესები და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს პრეზიდენტმა და არა დავუშვათ ჯიუტი ხასიათით”, – მიაჩნია დავით ჭიჭინაძეს.

მსგავსი თემები