პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის დაფინანსების შემცირებაში სალომე ზურაბიშვილი პრობლემას ვერ ხედავს 

საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების 4 მილიონი ლარით შემცირებაში პრობლემას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ადმინისტრაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს.

​როგორც სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ამ და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით იგი პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.

„ეს არის საბიუჯეტო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. შეტანილია ერთი პროექტი, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, მიმდინარეობს თანამშრომლობა, არავითარი პრობლემა არ არის,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ამავე პრესკონფერენციაზე ისაუბრებს ინაუგურაციის ადგილზე და სხვა დეტალებზე.

​შეგახსენებთ, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება. პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება განსაზღვრულია 6 მილიონი ლარით, მაშინ როცა ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება არ იცვლებოდა და ის 2018 წლის მსგავსად, 2019 წელსაც 9 800 000 ლარით იყო განსაზღვრული. ასევე, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 140-დან 60 ადამიანამდე შემცირდება.

მსგავსი თემები