“სანამ პრეზიდენტი არ გადადგება, ვარჯიშს არ გავაგრძელებთ“ – ასეთია ძიუდოისტების გადაწყვეტილება

 

ძიუდოს ფედერაციაში დაძაბულობის მუხტი უკიდურეს ზღვარზეა. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გადადგომას არ აპირებს, ძიუდოისტები კი პროტესტის ნიშნად ვარჯიშის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ. უფრო მეტიც, ავთანდილ ჭრიკიშვილს სარაევოში, ევროპის თასზე უნდა ეჭიდავა, თუმცა უარი თქვა და პროტესტს შეუერთდა.

საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებმა საპროტესტო აქცია დღესაც გამართეს და ფედერაციის პრეზიდენტთან დავით ქევხიშვილთან შეხვედრა სცადეს. ქევხიშვილი მათ დარბაზში არ დახვდა. როგორც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა „მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, მათი მიზანი დაპირისპირება არ არის, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტი მათთან შეხვედრას თავს არიდებს: „მან კარგად იცოდა, რომ ღია შეხვედრა გვსურდა. მოვედით, თუმცა, თავი აგვარიდა. მისი ქმედებები ადასტურებს, რომ ქევხიშვილს დაგროვილ კითხვებზე პასუხები არ გააჩნია. ჩვენი პროტესტი ცივილურია, თუმცა, ამ ეტაპამდე დიალოგი ვერ შედგა“.

როგორც ავთანდილ ჭრიკიშვილი აცხადებს, მათ არაერთხელ სცადეს ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრა, თუმცა, არ გამოუვიდათ: „ნაკრების ყველა წამყვანი ძიუდოისტი ერთ აზრზე ვართ – სანამ დავით ქევხიშვილი არ გადადგება, ვარჯიშის გაგრძელებას არ ვაპირებთ! ფედერაციის პრეზიდენტი “რაღაც ჯგუფს” გვეძახის, მაგრამ ბოლო დღეებმაც აჩვენა, რამდენნი ვართ. ჩვენ თუ ჯგუფი ვართ, თვითონ რაღა არის. ფედერაციის პრეზიდენტმა ჩვენთან შეხვედრას გაპარვა ამჯობინა“.

ავთანდილ ჭრიკიშვილი სარაევოში ტურნირზე საკუთარი ფინანსებით უნდა გამგზავრებულიყო. მან პროტესტის ნიშნად ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვა და საპროტესტო ტალღას შეუერთდა.

„ დიდი ხანია პრობლემები გვაქვს. ოლიმპიადის წინა პერიოდშიც, ხელის შეწყობის ნაცვლად, პირიქით ხდებოდა. დღესაც იგივე გრძელდება. ბიჭებს შეჯიბრებებზე თავიანთი ფულით უწევთ გამგზავრება და მონაწილეობა. პრობლემებზე სპორტის მერამდენე მინისტრს ვესაუბრეთ, არც მახსოვს. მათი პასუხი იდენტური იყო – ღიად ნუ ისაუბრებთ, შიგნით მოაგვარეთ-ო. “შიგნით” რომ არ გვარდება, სხვა გზა არ დაგვიტოვეს. მსოფლიო ჩემპიონატამდე რამდენიმე თვე დარჩა, მაგრამ სანამ ფედერაციის ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, მოსამზადებელ შეკრებას არცერთი ჩვენგანი არ გაივლის,“ – აცხადებს ჭრიკიშვილი.

ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილიც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ფედერაციის პრეზიდენტი არ უნდა გადადგეს. მიხეილ ყაველაშვილი: „ჩვენ ორივე მხარეს მოვუსმენთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. პირადად ჩემთვის, მოთხოვნებში ბევრი რამ გაუგებარია. ჩემი აზრით, ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს. ის არჩეული პრეზიდენტია და უმჯობესი იქნება, რომ იქ გააგრძელოს საქმიანობა“.

დღის ბოლოს,  ძიუიდოისტემბა შეხვედრა კულტურისა და სპორტის სამინისტროშიც გამართეს. სპორტსმენებმა მინისტრთან  ყველა ის მტკივნეული საკითხი წამოწიეს, რამაც ნაკრები არსებულ მდგომარეობამდე მიიყვანა. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.  შეხვედრის დასრულების შემდგომ სპორტსმენებმა და მინისტრმა მიხეილ გიორგაძემაც აღნიშნეს, რომ სიტუაცია კრიტიკულია. სამინისტრომ ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებზე მოკვლევა დაიწყო.

„საკითხი ძალიან მწვავეა. რაზეც სპორტსმენებმა ისაუბრეს, სიღრმისეულ შესწავლას მოითხოვს. ორი  დღე არ ვიქნები საქართველოში, თუმცა დავალებები უკვე გავეცი ამა თუ იმ საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით. დაბრუნების შემდეგ კიდევ გვექნება შეხვედრა, რათა საკითხის განხილვა მოხდეს. კონკრეტული გადაწყვეტილებები დღეს არ მიგვიღია და არც დაპირებები გაგვიცია“, – აღნიშნა მინისტრმა  მიხეილ გიორგაძემ.

ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის დავთ ქევხიშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. პრეზიდენტი კი წასვლას არსად აპირებს.

 

მსგავსი თემები