„ძალიან იმედგაცრუებული ვარ“ – ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოს აკრიტიკებს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი საქართველოს მთავრობას უმოქმედობის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები და ქმედებები საქართველოს მთავრობას არ ჰქონია.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით. საქართველო უკრაინას მხარს უფრო აქტიურად უნდა უჭერდეს… საკმარისად არ გაგვიგია საქართველოს ხმა“ – აცხადებს ყოფილი ელჩი „ამერიკის ხმასთან“.

ელჩის შეფასებით, საქართველოს 2008 წლის გამოცდილება დაავიწყდა.

„იქნებ მე გამომრჩა, მაგრამ, მგონია, რომ არ გვინახავს მრავალმხრივი, აქტიური რიტორიკა, მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რაიმე კონკრეტული დახმარების შეთავაზება, პრემიერ-მინისტრების ზარები და თქმა, რომ ჩვენ იგივე გავიარეთ 2008 წელს – რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, როგორ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ისე ჩანს, რომ მთავრობას ურჩევნია თავი ჩახაროს, ვიდრე გვერდით დაუდგეს პარტნიორ ქვეყანას, რომელიც ახლა იმავეს გადის, რაც საქართველომ გაიარა. ისინი რჩებიან ჩუმად და არ აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც მოსალოდნელი იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ვფიქრობ, საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვის“,- განაცხადა იან კელიმ.

 

მსგავსი თემები