“წლებია ვიცნობ გია ვოლსკის და მისი საგარეო ვექტორი რას გულისხმობს, ვერ გავიგე” – ირმა ინაშვილი

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, მმართველი გუნდის წევრის, პარლამენტის ვიცესპიკერ გია ვოლსკის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან განაცხადა, რომ “ქართული ოცნებას” და პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, “პატრიოტთა ალიანსისგან”  რადიკალურად განსხვავებული საგარეო ვექტორი აქვთ.

“სიმართლე გითხრათ, ამდენი წელია ვიცნობ გია ვოლსკის და მისი საგარეო და საშინაო ვექტორი რას გულისხმობს, ვერ გავიგე. ეტყობა, მარტო თვითონ ესმის, საით მიდის. ჩემი ვექტორი საქართველოა და ძალიან ვწუხვარ, თუ გია ვოლსკისთვის დღემდე დაუჯერებელი და გაუგებარია ეს მარტივი, ნათელი მოცემულობა”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

მისივე თქმით, სოცრუე და აბსურდია  ვოლსკის მიერ ნათქვამი, თითქოს 25 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე “პატრიოტთა ალიანსის”  მხარდამჭერები უმცირესობაში იყვნენ, თუმცა ირმა ინაშვილი საჭიროდ არ მიიჩნევს, არჩევნების მეორე ტურის წინ გია ვოლსკისთან ურთიერთობის გარკვევას და აცხადებს, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ვოლსკის ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.

“შურით აღვსილ კომენტარებზე ვრცლად საუბარი არაკორექტულად მიმაჩნია, მტრის წისქვილზე წყალს არ დავასხამ, მაგრამ არჩვნების დასრულების შემდეგ, ბატონ ვოლსკის ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. მე მაინტერესებს, გია ვოლსკის პირად მოწოდებას რამდენი ადამიანი გამოეხმაურება და რამდენი გამოვა საპროტესტო აქციაზე, რომ მის გვერდით დადგეს? შეუძლია, 3 მხარდამჭერის ნახვა და შეკრება? “,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი თემები