იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებს 2019 წლიდან დაუბრუნდება – ინტერვიუ მარიამ ჯაშთან

მომავალი სასწავლო წლიდან, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში დაბრუნდება. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კომისია შეიქმნება, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დედაენის შინაარსობრივი ნაწილის შეჯერებასა და დამტკიცებაზე იმუშავებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „მედიაცენტრი მთავარი“ საქართველოს, პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის დავმჯდომარე მარიამ ჯაშს ესაუბრა.

– იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ სასწავლო სახელმძღვანელოებიდან ამოღებას, საკმაოდ ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. როგორი შედეგი გვაქვს დღეს?

-მიღებული შედეგების შეფასება ცალსახად რთულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ, როგორც საზოგადოების, ასევე პედაგოგიური კორპუსის მხრიდან იყო თხოვნა და რეკომენდაცია, რომ სწავლების პროცესში ის უნიკალური მეთოდი დაბრუნებულიყო, რომელსაც იაკობ გოგბაშვილის „დედა ენა“ მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ, სხვადასხვა სკოლაში იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდიკით ისწავლება, საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა ის სახელმძღვანელოები, რომელიც სკოლებში არსებობს. დედა ენის პედაგოგიური მეთოდიკის ძირითადი პრინციპები, რასაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, გარკვეულწილად გაიფანტა. სწორედ ამიტომ, ამ ტემაზე საუბარი გასული წლის გაზაფხულზე დავიწყეთ. რადგანაც მაშინ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მიმდინარეობდა, პროცესებში უხეში ჩარევისგან თავი შევიკავეთ.

–  რა ეტაპზე ხართ, საკითხი ინიციატივის დონეზეა თუ კონკრეტული გეგმები გაქვთ?

– განათლების სამიისტროში იქმნება ეროვნული კომისია, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დედა ენის შინაარსობრივი ნაწილის შეჯერებაზე იმუშავებს. შემდეგ კი მისი დამტკიცება მოხდება. ეს გახდება ერთიანი სახელმძღვანელო, რომელიც სკოლებში დაინერგება როგორც საანბანო სახელმძღვანელო. გარდა აღნიშნულისა, არსებობს მზაობა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ის ძეგლები, რომლებიც განათლების სამინისტოში გამოიყენება, კანონმდებლობით დაცული იყოს. უკვე დავარეგისტრირეთ ინიციატივა, რომ ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე შექმნილი ნებისმიერი სახელმძღვანელოს მომზადება და გრიფირება სპეციალური წესით ხდებოდეს.

– „დედა ენამ“ ცვლილება არაერთხელ განიცადა. ამჯერად, სკოლებში „დედა ენის“ რომელი ვარიანტის დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავთ?

– გეთანხმებით, 1876 წლიდან მოყოლებული, იმ ოცდაათზე მეტი გამოცემის შემდგომ „დედა ენის“ სახელმძღვანელო არაერთხელ შეიცვალა. იაკობ გოგებაშვილის ანდერძის მიხედვით, „დედა ენა“ ყოველთვის უნდა განიცდიდეს განახლებას და გაუმჯობესებას. ამდენად, საზოგადოების, შესაბამისი პედაგოგიკის და ენათმეცნიერების ჩართულობით, იმ შინაარსზე მოხდება შეჯერება, რომელიც თანამედროვეობისთვისთვისაც მისაღები იქნება და იაკობ გოგებაშვილის სწავლების ძირითად ფუნდამენტურ პრინიპებსაც შეინარჩუნებს.

– ასოების სწავლების მეთოდიც შეიცვლება თუ უცვლელი სახით დარჩება?

– ამ და სხვა ყველა დეტალს ეროვნული კომისიის ექსპერტები გადაწყვეტენ. ბუნებრივია, ძირითადი მეთოდიკა შენარჩუნდება.

– კონკრეტულად თუ არის გადაწყვეტილი, „დედა ენა“ სკოლებში როდის დაბრუნდება?

– იმედი მაქვს, „დედა ენის“ სახელმძღვანელოს სკოლებში 2019 წლის სექტემბრიდან შევიტანთ. კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ახალი სასწავლო წლისთვის, განათლების სამინისტროს უწყების ბაზაზე შექმნილი შესაბამისი კომისია მიიღებს.

ესაუბრა ჟურნალისტი მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები