პრეზიდენტობის კანდიდატ ვაშაძეს მოსკოვიდან 10 მლნ აშშ დოლარი გამოუგზავნეს – ირმა ინაშვილი 

​პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის ლიბერალურ – დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ, “გაერთიანებული ოპოზიციის” პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს, “რუსთავი 2” -სა და სააგენტო “პრესა.ჯი”-ს გუშინ, გვიან ღამით, 10 მილიონი აშშ დოლარი გამოუგზავნა, თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის.

როგორც ირმა ინაშვილი აცხადებს, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების მობილიზება ბუკიას ბაღში იგეგმება. მოსკოვიდან გამოგზავნილი 10 მილიონი აშშ დოლარი კი “მოტეხეს” და ამსტერდამშია.

ასე უპასუხა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ბრალდებებს, თითქოს არჩევნებში მხარდაჭერისთვის მას 2 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადეს.

ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ცივილიზებულ ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება სათანადო სიმაღლეზეა, მსგავსი ცილისწამებისთვის აღნიშნულ მედიასაშუალებებს უჩივლებდნენ.

” 2 მილიონის თემას და თანხის მოცულობას (მაინც და მაინც 2 მილიონი!) ვერ სცდება “ნაციონალური მოძრაობის” ფანტაზია. როცა ციხეებში წამების ფაქტები გავასაჯაროვეთ, პროკურორი ზოდელავა (აწ უკვე მგზნებარე ოპოზიციონერი) გვიყვებოდა, რომ, თურმე, 2 მილიონი დოლარი გადამიხადეს. ახლაც იგივეს ვისმენ: 2 მილიონი, 2 მილიონი! ჰა-ჰა, 2 მილიონ 500 ათასი! მოკლედ, ვერ მივაღწიე “პროგრესს”, რომ 3 მილიონის აღება- მოტეხვა- გაფლანგვა დამაბრალონ. ისე, 2012- ში, როცა გამწარებული ნაცები 2 მილიონის აღებას მაბრალებდნენ, დიდ დიღომში, სამხატვრო სახელოსნოში ვცხოვრობდი, მეათე სართულზე და ჭერიდან მუდმივად წყალი ჩამომდიოდა. შუა ოთახში იდგა რამდენიმე თასი და წვიმის წყლით ივსებოდა. მე კი, ვისმენდი, როგორ გავიყიდე. ახლა, 2018 წელია და, თურმე, ისევ 2 მილიონით დამასაჩუქრეს და გაუგებარია, ამდენი მილიონის პატრონი, ჩემი მეგობრის სახლში რატომ ვცხოვრობ?! საკუთარს რატომ ვერ ვყიდულობ?! იუმორით მინდოდა დამწერა, მაგრამ დაღლილი ვარ იუმორისთვის.

​ნორმალურ
, ცივილიზებულ ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება სათანადო სიმაღლეზეა, მსგავსი ცილისწამებისთვის უჩივლებდნენ, როგორც სააგენტოს, ისე “რუსთავი-2”-ს! ახლა ასე დავასრულებ: ჩემმა წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ჟირინოვსკიმ გუშინ, გვიან ღამით, გრიგოლ ვაშაძის რუსული არხებით 10 მილიონი გამოუგზავნა რუსთავი- 2-სა და მათ სატელიტ სააგენტოს პრესა.ჯი-ს. დაკვეთა- საპროტესტო აქციის ორგანიზება თავისუფლების მოედანზე. რუსული ფული აიღეს და დაკვეთას ვერ ასრულებენ. ბუკიას ბაღში აპირებენ შეკრებას, მაგრამ ამ ტერიტორიისთვისაც არ ჰყოფნით ხალხი. ჩემი წყარო ამტკიცებს, რომ ამასობაში, მოსკოვიდან გამოგზავნილი 10 მილიონი მოტყდა და ამსტერდამშია“, – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები