ავღანეთში, საქართველოს პრეზიდენტი განმეორებით აირჩიეს  

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროებისთვის უკვე ჩატარდა. ავღანეთში ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე” .​ ავღანეთში მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურა განხორციელდა.

საარჩევნო ​პროცესის დასრულების შემდეგ, საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის კონვერტები, სადაც ბიულეტენებია მოთავსებული, დაილუქა და შედეგებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ნოემბერს დაითვლიან.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და არჩევნები შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩატარდა. საარჩევნო უბნები სპეციალურად მოაწყო და აღჭურვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ავღანეთში წარგზავნილმა ჯგუფმა, რომელმაც არჩევნების ჩატარებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა საკუთარი არჩევანი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გააკეთეს, სადაც საარჩევნო უბანი დილის რვა საათზე გაიხსნა.

II ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა მოქალაქეობრივი ვალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე” გახსნილ საარჩევნო უბანზე მოიხადა. ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში დისლოცირებულმა IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა კი, საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლებმა, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღეს მონაწილეობა.

“ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებიან“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მსგავსი თემები