დახარვეზებული ავტომანქანები ტექდათვალიერებას ნათხოვარი ნაწილებით გადიან – როგორია თაღლითური სქემა?!

2018 წლიდან საქართველოში ავტომანქანების ტექნიკურ ინსპექტირება სავალდებულოა.  რეალურად კი ინსპექტირებას ავტომანქანების მხოლიდ 57% გადის. დანარჩენები კი გაუმართავი და საშიში ავტომანქანებით გადაადგილდებიან, მათ შორის საკმაოდ ბევრი ტაქსია.

ოფიციალური სტატისტიკით, 57%-დან 30% ხარვეზდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გაუმართავია და პრობლემა 1 თვის ვადაში უნდა გამოასწოროს. ამ პერიოდში კი ხელახალი ინსპექტირება უფასოა. თუმცა, „დაბრაკული“ ავტომანქანები ხარვეზს არ ასწორებენ და ინსპექტირების ცენტრებში არ ბრუნდებიან.

„განმეორებითი ინსპექტირება ერთი თვის ვადაში არის უფასო. აქედან გამომდინარე, მოტივაცია რომ იმიტომ არ მიდის, რომ თანხა აქვს გადასახდელი, არ არსებობს.  მათ ურჩევნიათ იარონ ასეთი დახარვეზებული მანქანით, ვიდრე მის შეკეთებაში თანხა გადაიხადონ. ისინი დადიან ინსპექტირების გარეშე, მათ სტატუსი გამართული არ აქვს.  თუ ის ერთი თვის განმავლობაში არ მიბრუნდა პირველად ცენტრში და წავიდა სხვაგან, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა რატომ წავიდა სხვაგან და ხელახლა გადაუხადა თანხა? ადგილი ხომ არ აქვს არაერთგვაროვან მიდგომებს? ყველა ცენტრში ერთგვაროვანი მიდგომები არ არის“ – აცხადებს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“.

ავტომანქანების მძღოლები პირველადი ცენტრების ნაცვლად სხვა ცენტრში მიდიან და პირველადი დახარვეზების მიუხედავად, ინსპექტირებას უპრობლემოდ გადიან. ასევე, უკვე კარგად ნაცნობი საკითხია ავტონაწილების თხოვება, ტექინსპექტირების გავლა და ნაწილის დაბრუნება.

„ჩვენ ამისი იდენთიფიცირების საშუალება ფიზიკურად არ გაგვაჩნია. წარმოიდგინეთ, ავტომობილი ხარვეზდება, შემდეგ მიდის, ცვლის მაგალითად, დახარვეზებულ საბურავს, მოდის ცენტრში და გადის ინსპექტირებას. ცენტრი საიდან უნდა მიხვდეს, რომ დახარვეზებული ავტონაწილი ნათხოვარია.  ინსპექტირების ცენტრს რა ბერკეტი აქვს, რომ ეს თაღლითობა გამოავლინოს? ყველაზე დიდი პრობლემა გვაქვს კატალიზატორზე.  აღსრულება, ადმინისტრირება უნდა ხდებოდეს გზებზე, თუმცა, ფაქტიურად არც მსმენია, რომ ასეთი ავტომანქანები დაჯარიმდნენ. გზებზე, ნებისმიერ დარღვევაზე პასუხისმგებელია საპატრულო ეკიპაჟი.  შატილის ტრაგედია ჩვენთვის სასწავლებელი უნდა ყოფილიყო. ის ავტომობილი იყო გაუმართავი, ტექინსპექტირებაც არ ჰქონდა გავლილი და იმაზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა ვიდრე იყო დასაშვები. როგორ შეიძლება ასეთი ტრანსპორტი დადიოდეს გზებზე“ – აღნიშნა  იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში, გზებზე, წელიწადში დაახლოებით 10 000 სატრანსპორტო შემთხვევა ხდება. აქედან ყოველწლიურად, გარდაცვალების მაჩვენებელი 600-სს აჭარბებს.

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი თემები