ყველაფერი პირადული გვერდზე გადავდოთ საბოლოო ბრძოლისთვის – ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა

თანამდებობიდან წასვლიდან სამი წლის თავზე, დუმილს არღვევს ყოფილი პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, ყველაფერი პირადი გვერდზე გადადონ და საბოლოოდ უთხრან უარი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან ერთად ყველა არაეროვნულ ძალას.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსშია აღნიშნული, ყველა ის ბინძური რიტორიკა და დეზინფორმაციული პროპაგანდა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ისმის, ყველაზე უკეთ სწორედ მათ მიესადაგებათ: დაწყებული სახელმწიფოს ღალატით, დამთავრებული ოკუპანტი ქვეყნისთვის უამრავი სტრატეგიული ობიექტების გადაცემით თუ ტერიტორიების დაკარგვით, ტერორისტებთან თანამშრომლობით თუ კრიმინალებთან გარიგებით, უდანაშაულო ადამიანების წამებით და დახოცვით, ხალხის გაღარიბებით და მჩაგვრელი საბანკო სისტემის შექმნით, ბიზნესის დატერორებით და ადამიანების ქონებების წართმევით, ასიათასობით მოქალაქეების გასამართლებით და მათი ცხოვრების დანგრევით, ქვეყანაში უსამართლობისა და უთანასწორობის დამკვიდრებით.

ღარიბაშვილის აზრით, ასეთი მძიმე მემკვიდრეობის მქონე “პოლიტიკოსებად წოდებულ კრიმინალებს”, აღარ უნდა ქონდეთ უფლება და ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია. “ამიტომ, ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ყველაფერი პირადი გვერდით გადავდოთ და საბოლოოდ უარი ვუთხრათ მოღალატე სააკაშვილს და მის ანტიეროვნულ პოლიტიკურ ძალას”, – მიაჩნია ყოფილ პრემიერს.

“სამი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც აღარ ვმონაწილეობ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა ისევე როგორც თქვენ, მეც მთელი გულით და გონებით ქვეყნის ბედზე და მის მომავალზე ვფიქრობ. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ჩვენგან დამოუკიდებლად, იმისდა მიუხედავად, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ყველას გვეხება, აქტიურ პოლიტიკაში ჩართულებს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს. გულწრფელად მაღელვებს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ამიტომ, გადავწყვიტე საჯაროდ მოგმართოთ: 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქართველმა ხალხმა წერტილი დაუსვა სააკაშვილის მოძალადე, ანტიეროვნულ რეჟიმს. მაშინ მთელი ერი გაერთიანდა სააკაშვილის უსამართლო, მჩაგვრელი და მოძალადე ხელისუფლების შესაცვლელად. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოხდა ის, რასაც ალბათ 2012 წელს ან თუნდაც 2016 წელს ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, თუმცა ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრის დრო ახლა არ არის. ჩვენ კარგად გვახსოვს მიწაზე გართხმული მთავარსარდალი და მის მიერ ჩვენი გმირი სამხედროებისა და გმირი პოლიციელების მიტოვება შუა ომში, გვახსოვს ხალხის წინაშე ჩადენილი მისი ყველა დანაშაული. სხვათა შორის, ეს ყველაფერი არცთუ ისე შორეულ წარსულში ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში”, – ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

მსგავსი თემები