ოპოზიციაში UNESCO-ს მიერ მოკლული ჟურნალისტების სიაში ლექსო ლაშქარავას შეყვანა შეაფასეს

UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა, რომელშიც “TV პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დაემატა. ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ლექსო ლაშქარავა 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ UNESCO-მ გარდაცვალების რიცხვი 5 ივლისი მიუთითა რაც ნიშნავს, რომ ოპერატორის გარდაცვალება ძალადობრივ რეჟიმს უკავშირდება.

“პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდაცვალების თარიღი 5 რიცხვის არის მითითებული. UNESCO-მ ამით ხაზი გაუსვა, რომ ლექსოს გარდაცვალება უკავშირდება იმ ძალადობრივ მოქმედებებს, რომელიც დატრიალდა თბილისში. ყოველთვის, როდესაც რეჟიმს ვებრძვით ჟურნალისტები მართლაც არიან წინა პლანზე, ყოველთვის ფრონტის ხაზზე და ყველაზე მეტი მათ ხვდებათ, ყველაზე მეტი გაფრთხილება მათ სჭირდებათ, რომ მსგავსი ტიპი ინციდენტები ამ ქვეყანაში აღარ განმეორდეს,”- განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ასევე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ ეს “სამწუხარო გზავნილია.”

ეს არის სამწუხარო გზავნილი, სამწუხაროა თავად ლექსოს ფაქტი. ეს არის ავტოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ის, რომ საქართველოც არსი მოკლული ჟურნალისტების სიაში, ეს ნამდვილად არ არის სასახელო. ეს ნიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლების გავრცელებისთვის, თავისუფალი აზრის გავრცელებისთვის საქართველოში ადამიანებს კლავენ,”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

მსგავსი თემები