„ამპარტავნება, შური, კადნიერება, ღვარძლი, უსამართლობა” – პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

„ცოდვებით შებღალული, უფლის ნათელს მოკლებული სულის თვისებები კი არის: ამპარტავნება, შური, კადნიერება, ღვარძლი, უსამართლობა … ამ უნარებს სული ჩვენს გულსა და გონებაში ავლენს; ეს, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ანატომიური გული და ტვინი, მაგრამ სწორედ მათში ხორციელდება ჩვენთვის გაუცნობიერებელი კავშირი სულთან და, ძირითადად, აქ იყრის თავს ჩვენი შინაგანი განცდები“ – ბრძანებს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში და რჩევებს გვაძლევს.

რაც თვალია სხეულისათვის, ისაა გონება სულისათვის. გონებისაგან მომდინარეობს აზროვნებისა და განსჯის შესაძლებლობა, გულში კიმგრძნობელობითობა ვლინდება. თუმცა, რასაც ადამიანი გრძნობს გულით, იგი გონებასაც მოიცავს.

და ამ დროს უნდა მოხდეს უმნიშვნელოვანესი რამ: გონებისა და გულის გაერთიანება, „გონების ჩასვლა გულში” და გონების მიერ მისი წარმართვა. ასეთი გული არის გული გონიერი. იგი საშუალებას არ აძლევს უკეთურ ფიქრებს შემოიჭრან და ცოდვად იქცნენ; არამედ ფხიზელი გონებით უკუაგდებს მათდა არ შეიწყნარებს. ამგვარი გული და გონება მიმართულია უფლისაკენ და ჩვენი სწორი სულიერი ცხოვრების ცენტრი ხდება.

წმ. მამები წერენ: ძირითადად, ოთხი რამ იცავს სულს: ქველმოქმედება, ურისხველობა, ჭირთა დათმენა, წყენის დავიწყება. ძირითადად, ასევე, ოთხი რამ ვნებს მას: მოყვასის სიძულვილი, შური, განკითხვა, მკვლელობა. საერთოდ, გონება ადვილად იმღვრევა, მაგრამ მალევე იწმინდება ლოცვით, წმინდა წერილის, წმინდათა ცხოვრებისა და მათი დარიგებების კითხვით.

გულის სიწმინდის მოპოვებას კი ხანგრძლივი სულიერი შრომა სჭირდება. ამის მიღწევა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ადამიანის წრფელი და განწმენდილი გული არის ის ადგილი, სადაც ღმერთი ივანებს“ – ბრძანებს პატრიარქი ილია მეორე.

მსგავსი თემები