„ძნელია ასეთ დიდ სივრცეში იმოქმედო და შეცდომები არ დაუშვა“ – პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

„უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისი თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა, ეს არის ამოსავალი წერტილი“ – ბრძანებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში.

ეპისტოლეს მიხედვით, ძნელია ასეთ დიდ სივრცეში იმოქმედო და შეცდომები არ დაუშვა.

„ჩვენი დამოკიდებულება შვილებთან, მშობლებთან, და-ძმებთან, ახლო თუ შორეულ ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან, ნებისმიერ სხვა პიროვნებასთან, ისევე, როგორც ჩვენი დამოკიდებულება სნეულთა, პატიმართა და გაჭირვებულთადმი, პირადი და საქვეყნო საქმისადმი, გარდაცვლილი ახლობლებისა და წინაპრებისადმი, ცხოველებისა და გარემოსადმი … უდიდესი გამოცდისა და პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, რადგან სადაც არ უნდა ვიყოთ და ვინც არ უნდა ვიყოთ, ყოველი ნაბიჯი ჩვენი ცხოვრებისა, მნიშვნელოვანია. ძნელია ასეთ დიდ სივრცეში იმოქმედო და შეცდომები არ დაუშვა.

ჩვენი ეგოისტური ,,მე“ ხომ მუდმივად უძებნის გამართლებას ჩვენს ცოდვებს, არასწორ საქციელს … ამასთან, საკუთარ თავს ადვილად ვპატიობთ იმას, რაზეც სხვას მკაცრად ვთხოვთ პასუხს. ხშირად კი, საერთოდაც ვერ ვხედავთ ჩვენს ცოდვებს.

უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისი თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენი სწორი სულიერი ხედვისთვის. მაშინ უკვე ღვთის შეწევნით, სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ყველაფრის გამოსწორება და კეთილად წარმართება იქნება შესაძლებელი. თითოეულმა ჩვენგანმა ერთი წლის მანძილზე თუნდაც ერთი არასწორი ჩვევა ან თვისება რომ აღმოვფხვრათ, რამდენად უკეთესი გახდება ცხოვრება! დაისახეთ ეს მიზნად“, – ბრძანებს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში.

 

მსგავსი თემები