ისტორიულ ქალაქ მცხეთის გენგეგმაზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოაცხადა. სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 1800000 ლარს შეადგენს. საკონკურსო წინადადების მიღების ვადა 21 დეკემბერს 16:00 საათზე სრულდება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” რეგიონული განვითარების სამინისტროში განუცხადეს, მცხეთის ისტორიული ქალაქი სულ უფრო მიმზიდველი ხდება ტურისტებისთვის. ტურისტული ნაკადების ზრდა ახალ მოთხოვნებს, შესაძლებლობებს აჩენს, რაც ააქტიურებს ეკონომიკურ საქმიანობებსა და მშენებლობებს. ქალაქის ინფრასტრუქტურის ქაოტური, უსისტემო განვითარებისაგან დასაცავად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო UNESCO-სთან აქტიური თანამშრომლობით მუშაობს ისეთი მარეგულირებელი მექანიზმების შემუშავებაზე, რომელიც ერთი მხრივ, შეუნარჩუნებს ქალაქს ისტორიული ღირებულებასა და მნიშვნელობას და მეორე მხრივ, არ შეაფერხებს მის ბუნებრივ განვითარებას.

მათივე თქმით, სწორედ ამ მიზნით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის (ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის) შემუშავებისათვის კონკურსი უკვე გამოაცხადა. კონკურსზე მონაწილეობის მსურველთა წინადადებების მიღება 21 დეკემბერს დასრულდება და დაიწყება შერჩევის პროცესი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული ქალაქის, მცხეთის მნიშვნელობა აღიარა UNESCO-მ (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ), როდესაც მცხეთის ისტორიული ძეგლები – ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავრო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეიტანა.

მსგავსი თემები