თბილისი ჩერქეზი მხატვრის თეუცვაჟ ყატის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს​ ​

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს, კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის პოლიტიკის საკითხებთან და მათთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის საჭირო მექანიზმებზე იმსჯელეს.

​საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი მეზურნიშვილმა წარადგინა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით განსახორციელებელი ნაბიჯები აისახოს კომიტეტის სამოქმედო გეგმაში და მნიშვნელოვანია, რომ ამ გეგმის შემუშავებაში კომიტეტის თითოეულმა წევრმა მიიღოს აქტიური მონაწილეობა.

„ქართული სახელმწიფოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს და განამტკიცოს კავკასიის რეგიონის კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრის ფუნქცია. ამ თვალსაზრისით, გადაუდებელ ამოცანად გვესახება მეცნიერების ინტერდისციპლინური დარგის – კავკასიოლოგიის განვითარების მხარდამჭერი ღონისძიებების დროული იმპლემენტაცია“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ირაკლი მეზურნიშვილმა უახლოესი პერიოდის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომიტეტის აქტიური მხარდაჭერით, 17-20 დეკემბერს იგეგმება ცნობილი ჩერქეზი საზოგადო მოღვაწის, მხატვრისა და მწერლის თეუცვაჟ ყატის მოწვევა. ამ პერიოდში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოეწყობა მისი ნახატების გამოფენა, გაიმართება ჩერქეზი ხელოვანის შემოქმედებითი საღამო, მას აგრეთვე უმასპინძლებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი.

მსგავსი თემები