„ქართულ ოცნებას” ხალხთან ურთიერთობა არ გამოსდიოდა, სათანადო შედეგიც ამიტომ დადგა“ – სიმონ ნოზაძე

„ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ დაკარგა ხალხთან ურთიერთობა და შედეგიც სათანადო დადგა.
სამარცხვინო იყო ამგვარი ცვლილება“ – აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს სრულად იზიარებს და ცვლილებების საჭიროებას ხედავს.

„ბიძინა ივანიშვილს სრულად ვეთანხმები, ვერ ფლობდნენ სიტუაციას. შედეგის ამგვარი ცვლილება სამარცხვინოა. არსებობდა განწყობა, რომ პირველ ტურში დამაჯერებლად მოვიგებდით. ზოგადად, წარმატებამ თავბროსხვევა იცის. ბუნებრივია, მიღებული შედეგი არსებული პროცესების სარკეა. სწორედ შედეგი მიუთითებს, რომ პარტიამ საკადრო პოლიტიკა უნდა შეცვალოს. გადამწყვეტი პროფესიონალიზმი და ერთგულება უნდა იყოს, ქვეყნის გადარჩენა მოითხოვს პროფესიონალ კადრებს. დღეს კი პროფესიონალიზმი ცოტა მოიკოჭლებს“ – აღნიშნა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო. თუ არსებული მიდგომები არ შეიცვალა, არასასურველ შედეგს საპარლამენტო არჩევნებზეც არ გამორიცხავს. „ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა აპრილში შედგა. მაშინ მან ღიმილით თქვა, სიტუაცია მაიძულებს, დავბრუნდეო. შემდეგ თქვა, რომ გუნდში განხეთქილება არსებობდა და ამან მიიღო კატასტროფული სახე და იმიტომ დაბრუნდა. ბუნებრივია, პარტიამ პოლიტიკა, საკადრო პოლიტიკა, მოსახლეობასთან ურთიერთობის პოლიტიკაც უნდა შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, 2020 წელსაც იგივე შედეგი დადგეს“ – აღნიშნა ნოზაძემ.

დეპუტატის განცხადებით, აშკარაა, რომ ამომრჩევლები მმართველ გუნდს“შანსს“ აძლევენ: „იგრძნობა, რომ „შანს“ გვაძლევენ, რომ შევცვალოთ ყველაფერი. მე როგორც დეპუტატი მხარს დავუჭერ საკადრო ცვლილებებს. მთავრობის დონეზე რამდენიმე მინისტრი კარგი მინისტრია. პრემიერ მინისტრი, ჩემის აზრით, მოსწონს ხალხს. მიმაჩნია, რომ მთავრობის შემადგენლობაში კარდინალური ცვლილებები ჯერჯერობით არ არის აუცილებელი. ალბათ, უფრო თვითონ პარტიულ ვერტიკალში იქნება მოსალოდნელი ცვლილებები“.

 

მსგავსი თემები