შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდა გამომძიებლების მიღებას იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, გამომძიებელთა გადამზადებას და სტაჟირების გზით გამომძიებელთა მიღებას იწყებს.

1200-მდე მოქმედი გამომძიებელი, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, ეტაპობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალურ კურსს გაივლის და კვალიფიკაციას აიმაღლებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გადამზადების პროცესში ჩართულნი არიან პროკურორები, მოსამართლეები და ექსპერტ-კრიმინალისტები. პროგრამა თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავს და სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს ეფუძნება.

გადამზადების პროგრამა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს წარადგინა. მან გამომძიებლებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საგამოძიებო სისტემის გაძლიერების და გამოძიების ხარისხის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მნიშვნელოვან რეფორმებს შორის გამოყო კრიმინალური პოლიციის რეფორმა და საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება, რამაც უნდა უზრუნველყოს კომპეტენციის მაღალი ხარისხი და თითოეული ჩვენი მოქალაქის ნდობისთვის, შესაბამისი საპოლიციო მომსახურება.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ გადამზადების და სტაჟიორების მიღების ეტაპს. სისტემური განახლება არის რეფორმების მთელი პაკეტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოდიოდნენ ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის ახალგაზრდები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი იმისთვის, რომ სამინისტრო სწრაფად და ეფექტიანად განვითარდეს. პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო თანამშრომელთა მიღების წესის შეცვლა. ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც სისტემაში იწყებს მუშაობას, მისთვის ყველაფერთან ერთად, ვგულისხმობ სოციალური უზრუნველყოფის ნაწილს, კომპეტენცია და განათლების ხარისხი მნიშვნელოვანი უნდა იყოს”, – განაცხადა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისივე შეფასებით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებით საგამოძიებო კომპონენტის მხრივ, არაფერი გაკეთებულა.  იგი მადლობას უხდის ამერიკელ კოლეგებსა და ევროპელ პარტნიორებს მთლიანი სისტემური განახლების ფარგლებში მხარდაჭერისთვის.

“ჩვენთვის ღირსების საგანია, რომ ეს რეფორმა მივიყვანოთ ბოლომდე. მადლობა თითოეულ პოლიციელს. მათი ყოველდღიური შრომა და მოღვაწეობა, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს ეფექტიანი, ასევე, უნდა იყოს ღირსებით სავსე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც უზრუნველყოფენ, ზრუნავენ და პასუხისმგებლობას იღებენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ღონისძიებას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრენერი-გამომძიებლები სპეციალური კონკურსის გზით შეარჩია. ტრენერებმა მომზადების კურსი გაიარეს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მსგავსი თემები