არსებობდა ზედმეტი თავდაჯერებულობა, ეს არგუმენტები გავიზიარეთ – ბექა ნაცვლიშვილი ექსპრემიერის ინტერვიუზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრი ბექა ნაცვლიშვილი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის 20 ნოემბრის სატელევიზიო ინტერვიუს აფასებს და აცხადებს, რომ მისი ინტერვიუს მიზანი იყო, სიმშვიდე შეეტანა წინასაარჩევნო კამპანიაში, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვის მიეცათ გზავნილი, რომ გუნდში მიმდინარეობს შეცდომების გააზრება და საკადრო პოლიტიკა გადაიხედება.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მმართველი გუნდი აღიარებს, რომ იყო ხარვეზები არა მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დროს, რაც აისახა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე.

ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ზედმეტი თავდაჯერებულობის შესახებ ბიძინა ივანიშვილის არგუმენტს მმართველი გუნდი იღებს და იზიარებს.

“როდესაც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის დაკომპლექტებული, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ყველა შტო, განსაკუთრებით საკანონმდებლო შტოები, შეიძლება ეს ყოფილი ზედმეტი თავდაჯერებულობის საფუძველი. ეს არგუმენტი ჩვენ გავიზიარეთ. რაც შეეხება მთავრობასა და საზოგადოებას შორის ხიდჩატეხილობას, შესაძლოა, პერსონალურმა ცვლილებებმა შედეგი გამოიღოს, მაგრამ უფრო მეტ შედეგს გამოიღებს, ის, რომ მმართველობა არ იქნება ტექნოკრატიული და იქნება პოლიტიკური. მეტი პოლიტიკური ხედვები წამოვა, მეტი კომუნიკაცია იქნება ხალხთან, მეტი აზრთა სხვადასხვაობა იქნება იდეოლოგიებს შორის. იმიტომ, რომ გუნდში არის ძალიან ბევრი სხვადასხვა იდეოლოგიისა და მსოფლმხედველობის ჯგუფი და ამ ჯგუფებს შორის იქნება მეტი დიალოგი, რათა მმართველობის პროცესი  გახდეს უფრო პოლიტიკური. საპარლამენტო სხდომაზე გავუსვი ხაზი იმას, რომ პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში არსებობს, არის მხოლოდ ტექნოკრატიული, ანუ ციფრებზე ორიენტირებული მმართველობის შედეგი”, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

მსგავსი თემები